გიორგი ამილახვარმა ბრიუსელში კვლევისა და ინოვაციის პროგრამა Horizon Europe-ის რიგით მეორე გაერთიანებული კომიტეტის შეხვედრა გახსნა
გიორგი ამილახვარმა ბრიუსელში კვლევისა და ინოვაციის პროგრამა Horizon Europe-ის რიგით მეორე გაერთიანებული კომიტეტის შეხვედრა გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ქალაქ ბრიუსელში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ევროკავშირის პროგრამა Horizon Europe-ის კვლევისა და ინოვაციის კომიტეტის მეორე გაერთიანებული შეხვედრა გახსნა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოში მეცნიერების განვითარების კუთხით, Horizon Europe-ის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„დღეს დაიწყო ჩემი პირველი საერთაშორისო ვიზიტი ბრიუსელში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის რანგში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია განათლების, მეცნიერების, კვლევებისა და ინოვაციების სფეროების დაახლოება და ინტეგრირება ევროკავშირის საგანმანათლებლო, კვლევით და ინოვაციების სისტემასთან. სწორედ ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, შევხვდით ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის გენერალური დირექტორიატის გენერალურ დირექტორს, მარკ ლემეტრს.

აღსანიშნავია, რომ Horizon Europe-ის პროგრამაში საქართველოს ჩართულობამ და იმ სტრუქტურამ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს შექმნილი, საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ საქართველო გახდეს კვლევებისა და ინოვაციების ჰაბი. ასევე, განვიხილეთ სამომავლო გეგმებიც. ევროკავშირის წარმომადგენლებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო აპირებს ინვესტიციების ჩადებას კვლევებსა და ინოვაციებში, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ახალი ცოდნის შექმნა არის მნიშვნელოვანი კომპონენტი საგანმანათლებლო სექტორის განვითარების საქმეში. ჩვენ მჭიდროდ გავაგრძელებთ ურთიერთობას ევროკავშირის წარმომადგენელ კოლეგებთან ერთად ამ მიმართულებით – დღეს კიდევ ერთხელ სრული მხარდაჭერის მზაობა მივიღეთ“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები და დასახეს სამომავლო გეგმები საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების ევროპის კვლევისა და განათლების სისტემაში კიდევ უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი ინტეგრაციისთვის.

ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.