ვანო ზარდიაშვილი - დღესვე მზად ვარ, დეპუტატის მანდატზე უარი ვთქვა, თუ ეკა ბესელია პარლამენტიდან გავა
დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი აცხადებს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტიდან იმიტომ გადადგა, რომ ბესელია თავმჯდომარეობიდან წასულიყო. ზარდიაშვილის თქმით, პარლამენტის მანდატზეც უარს იტყვის, თუ ბესელია საკანონმდებლო ორგანოდან გავა.
„15 წელია, საჯარო მოხელე ვარ და ჩემი ქვეყნისთვის პატიოსნად ვშრომობ, იმხელა სიკეთე ჩემი სამშობლოსთვის არ გამიკეთებია, როგორც ეკა ბესელიას გადადგომას შევუწყვე ხელი. არამც თუ პირველი მოადგილეობიდან გადადგომა, არამედ დღესვე მზად ვარ, პარლამენტის მანდატზე ვთქვა უარი, თუ ეკა ბესელია პარლამენტიდან გავა. სასამართლოს მოვაშორებთ ადამიანს, რომელმაც სუბიექტური ინტერესები აქვს სასამართლოში, – განაცხადა ზარდიაშვილმა სხდომაზე.
ეკა ბესელიამ პასუხად უმრავლესობის დეპუტატს ზონდერი უწოდა და აღნიშნა, რომ ზარდიაშვილი თავადაც მიჰყვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ მოსამართლეთა ათკაციან სიას, რის გამოც გაბრაზებულია.
„იქედან გაგაბუნძულე, საიდანაც დაგსვეს. ვინმემ შეამოწმოს, ზარდიაშვილი ზემოქმედების ქვეშ ხომ არ არის, იმდენად აჟიტირებულია. ვანო ზარდიაშვილს, ზონდერებს პარლამენტში რა უნდათ? მშვიდობაში „ქართულ ოცნებას“. ყველაფერი ნათელია. საწყალი ეს ბიჭი, რომელსაც გეგმა ჩავუგდეთ, ოჯახური ბიზნესი ჩავუშალეთ და ის ათკაციანი სია, რომელსაც ლობირებდა და ვერ გაიტანა. თვითონაც მიჰყვა ამ სიას. მესმის, გაბრაზებულია. ვერ მპატიობენ, რომ სია გავუჩერე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დილიდან მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობდა.