ვანო მთვრალაშვილი - მხოლოდ დიზელის საწვავის ხარისხის გაუმჯობესებით ეკოლოგიური მდგომარეობა ვერ შეგვეცვლება, ავტოპარკის განახლებაც უნდა მოხდეს
ვანო მთვრალაშვილი - მხოლოდ დიზელის საწვავის ხარისხის გაუმჯობესებით ეკოლოგიური მდგომარეობა ვერ შეგვეცვლება, ავტოპარკის განახლებაც უნდა მოხდეს

თუ ქვეყნაში დღეს მოქმედი ავტოპარკი არ განახლდა, მხოლოდ საწვავის ხარისხის გაუმჯობესებით ეკოლოგიური მდგომარეობა ვერ გაჯანსაღდება, – ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემაში 2020 წლიდან დიზელის ევრო 5-ის სტანდარტის ნორმაზე გადასვლასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორები აღნიშნული რეგულაციის ერთი წლით გადავადებას ითხოვენ.

მთვრალაშვილის მოსაზრებით, ეკოლოგიის გაუმჯობესების მიზნით, საწვავის ნორმების ამაღლება მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიღებს ნაყოფს, თუ პარალელურად ავტოპარკიც განახლდება. საქმე ის არის, რომ მოცემულ ეტაპზე საქართველოში მოქმედი ავტოპარკის, ფაქტობრივად, ნახევარი ევრო-2 საწვავის შესაბამისია და ევრო 5-ის საწვავზე გადასვლა შედეგს ვერ მოიტანს.

„ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით არსებული სახელმწიფოს ხედვა და პოლიტიკა ცალსახად მისასლამებელია და ჩვენ, მთლიანად ინდუსტრია, კომპანიები მხარს ვუჭერთ. ეს გულისხმობს, რომ ბენზინთან მიმართებით 2017 წლის 1-ლი იანვრიდან უკვე ევრო 5-ის სტანდარტი მოქმედებს. დიზელის საწვავისთვის მიმდინარე ეტაპზე ევრო 4 გვაქვს და 2020 წლის პირველი იანვრიდან ევრო 5-ზე გადავდივართ. თუმცა, თუ საწვავის ხარისხის გაუმჯობესებაზე განყენებულად ვისაუბრებთ, რეალურ სურათს ვერ დავინახავთ. საავტომობილო პარკის ობიექტური მდგომარეობიდან გამომდინარე, სიტუაცია არადამაკმაყოფილებელია. დღეს რეგისტრირებული საავტომობილო პარკი დაახლოებით მილიონ 300 000 ერთეულისგან შედგება. ამის დაახლოებით 45 პროცენტი არის 20 წლის და უფრო ძველი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ევრო 2 ეკოლოგიურ კლასს შეესაბამება. ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ავტოპარკთან დაკავშირებით ევრო 5 კლასის შესაბამისი რეგულაციები 2009 წლიდან მოქმედებს. ევროკავშირში როგორც საწვავის, ისე ავტოპარკთან დაკავშირებული რეგუალაციების განვითარება პარალელურად ხდებოდა. საქართველოში მიმდინარე ეტაპზე ავტოპარკის სავალდებულო ეკოლოგიური კლასი არ არსებობს და მისი ავტოპარკის ძირითადი ნაწილი, საშუალოდ 45 -50 პროცენტი ევრო 2-ის შესაბამისი კლასია. როცა ვსაუბრობთ ეკოლოგიის გაუმჯობესებაზე, რა თქმა უნდა, მთავარი დამაბინძურებელი ავტომობილია. ავტოპარკიდან გამომდინარე რეალური ვითარება საშუალებას გვაძლევს, ვთქვათ, რომ მხოლოდ დიზელის საწვავის ხარისხობრივი ნორმების გაუმჯობესებით ჩვენ რეალური სიტუაცია ვერ შეგვეცვლება. ავტოპარკის განახლებაც უნდა მოხდეს“, – განმარტა ვანო მთვრალაშვილმა.