ვალერი ზალუჟნი - ყირიმის აეროდრომზე სარაკეტო დარტყმებს უკრაინა ახორციელებდა
ყირიმის აეროდრომზე სარაკეტო დარტყმებს უკრაინა ახორციელებდა, – აღნიშნულის შესახებ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ უმაღლესი რადას დეპუტატთან, მიხეილ ზაბროდსკისთან ერთად, უკრაინულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „უკრინფორმზე“ გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა.
ამასთან, როგორც „ბიბისი” წერს, ზალუჟნი და ზაბროდსკი სტატიაში საუბრობენ რუსეთის ზურგში მდებარე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის მნიშვნელობაზე, რათა რუსებმა ეს ომი არ აღიქვან, როგორც რაღაც „შორეული”.
„ამ მიდგომის სისწორის დამაჯერებელი მაგალითია უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული ძალისხმევა, საომარი მოქმედებების ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფიზიკურად გადატანა. საუბარია ყირიმში მდებარე მტრის საჰაერო ბაზებზე სარაკეტო დარტყმების სერიაზე, პირველ რიგში, საკის აეროდრომზე“, – ნათქვამია სტატიაში.
ამ კონტექსტში უკრაინელი გენერლები საუბრობენ დასავლეთიდან შორი მანძილის ATACMS რაკეტების მიღების მნიშვნელობაზე HIMARS-ის სარაკეტო სისტემისთვის, რომლებსაც სამიზნეების განადგურება 150-300 კმ მანძილზე შეუძლიათ.
როგორც მედია წერს, მანამდე უკრაინა ნოვოფედოროვკას აეროდრომზე მომხდარ აფეთქებებზე პირდაპირ პასუხისმგებლობას არ იღებდა. უკრაინელი ოფიციალური პირები არ უარყოფდნენ, რომ თავდასხმის უკან უკრაინის შეიარაღებული ძალები იდგნენ, მაგრამ ამის დადასტურების მოთხოვნის საპასუხოდ, ისინი რუს სამხედროებს რეკომენდაციას უწევდნენ, არ მოეწიათ თამბაქო არარეკომენდებულ ადგილებში.
„ბიბისი” წერს, რომ ჯერჯერობით არ არსებობს სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა იარაღით შეეძლო უკრაინას, დაერტყა ნოვოფედოროვკას აეროდრომზე, რადგან ღია სახით არ არსებობს მონაცემები კიევის მფლობელობაში ისეთი რაკეტების არსებობის შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ, დაფარონ 200 კმ-ზე მეტი მანძილი, უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ქალაქ საკის მახლობლად მდებარე აეროდრომამდე.