ვოლოდიმირ ზელენსკი - დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე ვალერი ზალუჟნის კანდიდატურას დავთანხმდი, მან დიპლომატიური მიმართულების სურვილი თავად გამოთქვა
ვოლოდიმირ ზელენსკი - დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე ვალერი ზალუჟნის კანდიდატურას დავთანხმდი, მან დიპლომატიური მიმართულების სურვილი თავად გამოთქვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე ვალერი ზალუჟნის კანდიდატურას დათანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ შესაბამისი მოთხოვნა ბრიტანულ მხარეს უკვე გაუგზავნა.

მოგვიანებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ დიპლომატიური მიმართულება თავად ზალუჟნის სურვილი იყო.

„დღეს დავთანხმდი დიდ ბრიტანეთში ჩვენი სახელმწიფოს ელჩის კანდიდატურას. გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ  დიპლომატიური მიმართულების სურვილი თავად გამოთქვა. ჩვენი ალიანსი ბრიტანეთთან მხოლოდ უნდა გაძლიერდეს“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, გასულ წელს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ვადიმ პრისტაიკო, რომელმაც ბრიტანეთთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას „არაჯანსაღი სარკაზმი“ უწოდა.

ამასთან, მიმდინარე წელს ზელენსკიმ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად, ვალერი ზალუჟნის ნაცვლად, ალექსანდრ სირსკი დანიშნა.