კვლევის მიხედვით, ვალერი ზალუჟნის გადაყენების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკისადმი საზოგადოების ნდობა შემცირდა
კვლევის მიხედვით, ვალერი ზალუჟნის გადაყენების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკისადმი საზოგადოების ნდობა შემცირდა

მთავარსარდლის პოზიციიდან ვალერი ზალუჟნის გადაყენების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისადმი საზოგადოების ნდობა შემცირდა.

როგორც უკრაინული მედია წერს, ასეთია კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ 5-10 თებერვალს ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

ვალერი ზალუჟნის ალექსანდრ სირსკით შეცვლის შესახებ ზელენსკიმ 8 თებერვალს განაცხადა.

„გამოკითხვის ჩატარება ზალუჟნის გადაყენების პერიოდს დაემთხვა. 5-8 თებერვლის პერიოდში (გადაყენებამდე) ჩატარდა 874 ინტერვიუ, შემდეგ 9-10 თებერვლის პერიოდში ჩატარდა 328 ინტერვიუ. ზალუჟნის გადადგომისთანავე ნდობა შემცირდა ხუთი პუნქტით 60 პროცენტამდე. ამგვარად, მთლიანობაში 5-10 თებერვლის პერიოდში 64% ენდობა ზელენსკის, თუმცა ამ პერიოდის ბოლოში მაჩვენებელი 60%-ს შეადგენს“, – აღნიშნულია კვლევაში.

2022 წლის თებერვალში, რუსეთის ინტერვენციამდე პრეზიდენტის ნდობის რეიტინგი 37% იყო. ინტერვენციის შემდეგ ნდობა მკვეთრად გაიზარდა და 2022 წლის მაისის მდგომარეობით 90% შეადგინა. 2022 წლის მაისიდან 2023 წლის დეკემბრამდე ზელენსკისადმი ნდობა 13%-ით შემცირდა და 77% შეადგინა. მომდევნო ორ თვეში, თებერვლის დასაწყისამდე მისი რეიტინგი კიდევ 12 პროცენტით შემცირდა – 65%-მდე.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხული უკრაინელების 40% მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკის უჭერს მხარს, 94% პროცენტი კი – ყოფილ მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის.