ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ აფეთქების შედეგად მისი თანაშემწე, გენადი ჩასტიაკოვი დაიღუპა
მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანაშემწე გენადი ჩასტიაკოვი აფეთქების შედეგად დაიღუპა. წინასწარი ვერსიით, 39 წლის მაიორი საბრძლო მასალათან გაუფრთხილებელ მოპყრობას შეეწირა.
თავად უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ აღნიშნა, რომ მისი თანაშემწე „საკუთარ დაბადების დღეს ტრაგიკულ ვითარებაში დაიღუპა“. მისივე ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერება ერთ-ერთ საჩუქარში იყო.
დაღუპულის მეუღლე ჰყვება, რომ აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც მაიორმა საჩუქრად მიღებული ხელყუმბარების ფორმის სასმელი და ჭიქები გახსნა.
ამასთან, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს ცნობით, ზალუჟნის თანაშემწეს აჩუქეს ახალი ტიპის ხელყუმბარები, რომელთაგან ერთ-ერთი მაშინ აფეთქდა, როდესაც შვილს აჩვენებდა. უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად დაშავდა ჩასტიაკოვის 13 წლის ვაჟიც.