ვახტანგ მახარობლიშვილი - სერგეი ნარიშკინის განცხადება წარმოადგენს რუსეთის ჰიბრიდული ომის მორიგ გამოხატულებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დესტაბილიზაციის პროვოცირებას
რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის განცხადება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის მორიგ გამოხატულებას და პროვოკაციულ ნაბიჯს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დესტაბილიზაციის პროვოცირებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.
ვახტანგ მახარობლიშვილმა კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „ბოლო პერიოდში ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო, რომელიც ამერიკული მოთხოვნების უსიტყვოდ შესრულებას თავს არიდებს“. ამავე განცხადების მიხედვით, საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები გეგმავენ, ოპოზიციონერების მხარდაჭერისა და „ქართული ოცნების“ პოზიციების შერყევის სისტემური სამუშაო ააწყონ. ნარიშკინის თქმითვე, „აშშ განაწყობს ევროპულ პარტნიორებს ქართული ოპოზიციის მხარდასაჭერად“.
„საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციისა და ანექსიური პოლიტიკის ფონზე, მუდმივად სახეზეა რუსეთის ფედერაციის მცდელობები, ჰიბრიდული ომის ელემენტების აქტიური გამოყენებით და სხვა ხერხებით, უხეშად ჩაერიოს საქართველოს სუვერენულ არჩევანში, რაც უკავშირდება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანებას.
მსგავსი ხერხებით რუსეთის ფედერაცია ცდილობს საზოგადოებაში ნიჰილიზმის დათესვას, ქვეყანაში პოლარიზაციისა და დაპირისპირების პროვოცირებას, რაც ხელს არ უწყობს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, არსებული ისედაც ტურბულენტური გარემოს გათვალისწინებით, ზოგადად რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას.
ამჯერად რუსეთის ფედერაციის მცდელობები მიმართულია იქითკენ, რომ საზოგადოების თვალში მოახდინოს საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს – ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული ძალზედ მჭიდრო ურთიერთობების დისკრედიტაცია, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღიდან აქტიურად, სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით ვითარდება და ბოლო წლებში მართლაც უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.
ბუნებრივია, საქართველო გააგრძელებს სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერით ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და განუხრელ სვლას ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანისკენ“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.