ვახტანგ მახარობლიშვილი - საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად წლებია, ემზადება, ქვეყანაში მიმდინარეობს რეკომენდაციების შესრულება და მთელი რიგი მიმართულებით პროცესი კარგად არის შეფასებული
ევროკავშირში საქართველოს ელჩის, ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი წლების წინ დაიწყო და ინტეგრაციისთვის, დიდი ხანია, ემზადება. მისივე თქმით, საქართველო ასრულებს რეკომენდაციებს და მთელი რიგი მიმართულებაა, სადაც პროცესი კარგად არის შეფასებული.
„პირველ რიგში, აღვნიშნავდი იმ ფაქტორს, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ახლა არ დაიწყო და არ დაუწყია ერთი წლის წინ. ამ პროცესისთვის საქართველო, წლებია, ემზადება. საქართველო რომ კარგად არის მომზადებული გაფართოების, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისათვის, ამაზე მეტყველებს თუნდაც ე.წ. ანალიტიკური ანგარიში, რომელიც თებერვალში ევროკომისიამ წარმოადგინა. ვფიქრობ, ეს დოკუმენტი ძალიან პირდაპირ, ცალსახად საუბრობს, რა ორიენტაცია ჰქონდა წლების განმავლობაში საქართველოს და რა ინტეგრაციული პროცესები მიმდინარეობდა ჩვენს ქვეყანაში როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციური დაახლოების მიმართულებით.
ქვეყანაში მიმდინარეობს რეკომენდაციების შესრულება, 12 პრიორიტეტის, რომელიც დაგვისახა ევროკომისიამ. მთელი რიგი მიმართულებით პროცესი კარგად არის შეფასებული. რამდენიმე თემაა, რომელთა მიმართებითაც, რა თქმა უნდა, პროცესი უნდა გაგრძელდეს. ეს ცოცხალი პროცესია და გასაკვირი არაფერი არ არის. გაფართოების პაკეტის ფარგლებში ჩვენ ახლახან ევროკომისიას წარვუდგინეთ პირველი ანგარიში და მოკრძალებულად შემიძლია ვთქვა, რომ გამოხმაურება იყო პოზიტიური მისი შინაარსის, სტრუქტურის მიმართ. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს გეოპოლიტიკა, უსაფრთხოების გარემოებები, რა მდგომარეობაშიც იმყოფება ევროპა და ევროკავშირი. შესაბამისად, ევროკავშირის მხრიდან უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის და, ზოგადად, რეგიონის მიმართ შესაბამისი გზავნილების დაფიქსირება“, – განაცხადა მახარობლიშვილმა.
მახარობლიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს განახლებული როლი, ფუნქცია როგორც ენერგეტიკის, ასევე სატრანსპორტო, სატრანზიტო ქვეყნის.
„ეს როლი ყოველთვის გვქონდა, მაგრამ კიდევ უფრო გამოიკვეთა, გაძლიერდა. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს როლი უშუალოდ, ასე ვთქვათ, მიკრორეგიონში, პოზიტიური როლი, რომელსაც საქართველო ასრულებს და შეუძლია, შეასრულოს. შესაბამისად, ძალიან ბევრი საკითხია. ვიტყოდი, უაღრესად მნიშვნელოვანია და ალბათ მთავარი ელემენტია, რათა ჩვენ წლის ბოლოს შესაბამისი შედეგი მივიღოთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგი ძალიან მრავალფეროვანია, დატვირთული სხვადასხვა სფეროთი და სექტორით. რა თქმა უნდა, საქართველო პროცესში არ ივიწყებს ამ მიმართულებებს და ჩვენ ვცდილობთ, ყველა ფანჯარა, ყველა კარი გავაღოთ, რათა მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ევროკავშირს. ამის ერთი კარგი მაგალითი არის ე.წ. EPA, ევროპის საერთო გადახდის სისტემა, გადახდის სისტემაში მიერთება, რომლის მიმართულებითაც საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. იმედი გვაქვს, ამ კუთხითაც ახლო მომავალში ხელშესახები შედეგები გვექნება“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.