იაგო ხვიჩია - „ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციების შესასრულებლად კომისიები თავიდანვე ფორმალურად შექმნა, ასეთი ფორმით მონაწილეობის მიღება გასულ წელსაც უაზრობა იყო და დღესაც უაზრობა იქნება
იაგო ხვიჩია - „ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციების შესასრულებლად კომისიები თავიდანვე ფორმალურად შექმნა, ასეთი ფორმით მონაწილეობის მიღება გასულ წელსაც უაზრობა იყო და დღესაც უაზრობა იქნება

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად გასულ წელს სამუშაო ჯგუფები „ქართულმა ოცნებამ“ ფორმალურად შექმნა.

ხვიჩიას თქმით, თავად ყველა შეხვედრას ესწრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ჯგუფებს განსაკუთრებული შედეგი არ მოჰყოლია.

„გასულ წელს „ქართული ოცნება“ ამბობდა, კომისიები შევქმენი და მოდით, ვიმუშაოთო. ოპოზიციონერი კოლეგები პასუხობდნენ – არა, „ქოცების“ ჯგუფში არ შევალთო. მე ყველა შეხვედრას ვესწრებოდი, თუმცა კომისიებს განსაკუთრებული შედეგი არ მოჰყოლია, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ეს კომისიები თავიდანვე ფორმალურად შექმნა. ასეთი ფორმით ამაში მონაწილეობის მიღება გასულ წელსაც უაზრობა იყო და დღესაც უაზრობა იქნება, რადგან თუ არავის არაფრის კეთება არ უნდა, რა აზრი აქვს, რის კომისიას შექმნი? ხელისუფლებას არ გავაკრიტიკებდი იმის გამო, რომ კომისიებს არ ქმნიან, გავაკრიტიკებდი იმის გამო, რომ არაფრის გაკეთება არ უნდათ. მაშინაც კი, როცა რამეს ფორმალურად აკეთებდნენ, იმ სუნით იყო გაჟღენთილი, რომ არაფერი სერიოზული იქიდან არ გამოსულიყო. ჩვენ ყველგან ჩავერთვებით, თუ რამე ხდება. რაიმე შეხვედრას რომ დავინახავთ, იქვე შევდივართ, რომ გავარკვიოთ, რაშია საქმე. ახლა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილია დაბრუნებული და საერთოდ სხვანაირად ელვარებს „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული ყველა საქმე. ამიტომ ვინმეს, ვისაც სწამს ბიძინასი და „ოცნების“, შეიძლება, სჯეროდეს, რომ წელს რაიმე განსაკუთრებული მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ ხასიათში ჩვენს კოლეგებს არაფერი ეტყობათ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.