ვახტანგ კალოიანი - ეუთო/ოდირის დასკვნაში არის ტექნიკური საკითხები, ყველაფრის გაკეთება შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, როდესაც შედგება შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის
ეუთო/ოდირის დასკვნა ადასტურებს იმ პრობლემებს, რაც გვქონდა საარჩევნო პროცესის მიმართ როგორც საარჩევნო კამპანიამდე, ისე საარჩევნო დღის განმავლობაში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაციების გათვალისწინება.
„ეუთო/ოდირის დასკვნა რეალურად ადასტურებს იმ წუხილსა და პრობლემებს, რაც გვქონდა საარჩევნო პროცესის მიმართ, როგორც საარჩევნო კამპანიამდე, ისე საარჩევნო დღის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ამ შენიშვნების გათვალისწინება ცალსახად აუცილებელია, აუცილებელია რადიკალური რეფორმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიის, აუცილებელია საარჩევნო დღის უკეთესი რეგულირება. ძალიან ბევრი, თითქოს წვრილმანი და ტექნიკური საკითხია, თუმცა ამ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შედგება სტრატეგიული შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, რომელიც პირველ რიგში, გადის პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებზე.
იქ არის ბევრი საკითხი, მაგალითად, საარჩევნო კომისიის ფორმირების წესი, დაწყებული ცესკო-დან, საუბნო დასრულებული საარჩევნო კომისიით, რომელიც ცალსახად აჩენს არა მხოლოდ განცდას, არამედ რეალურად ახდენს დომინირებას მმართველის პარტიის, რაც შლის ზღვარს მმართველი პარტიისა და საარჩევნო ადმინისტრაციას შორის. საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, როგორც ცესკო-ს დონეზე, ისე საუბნო საარჩევნო კომისიის დონეზე. ერთია გასათვალისწინებელი, სტრატეგიული დიდი შეთანხმების გარეშე, მცირე ტექნიკური დეტალების ცვლილებას არანაირი რეალური ეფექტი არ ექნება. ამიტომ ეს მნიშვნელოვანია განვიხილოთ. მიშელის ექვსპუნქტიანი გეგმის ფარგლებში, რასაც ჩვენ ბოლომდე მხარს ვუჭერთ, მზად ვართ პოზიტიური შედეგზე ორიენტირებული მუშაობისთვის, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩებთან, ასევე ხელისუფლებასთანაც“, – განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში 5 მარტს გამოაქვეყნა.