ეუთო/ოდირმა საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა - არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა
ეუთო/ოდირმა საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა - არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების შესახებ პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, „31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა“.

აქვე ნათქვამია, რომ არჩევნები მნიშვნელოვნად შეცვლილი სამართლებრივი ჩარჩოს პირობებში ჩატარდა, რომელიც დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად მყარ საფუძველს ქმნიდა, თუმცა ანგარიშის თანახმად, „არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად დამატებითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო“.

„კოვიდ-19“-თან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, არჩევნების ტექნიკური ასპექტები ეფექტურად იმართებოდა, თუმცა საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინანტური წარმომადგენლობა უარყოფით ზეგავლენას ახდენდა საზოგადოებრივ აღქმაზე მათ მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ქვედა დონეებზე. წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზოგადმა სისტემამ, მათ შორის ხარჯვასთან დაკავშირებით დაწესებულმა მაღალმა ზღვრებმა, მცირე და ახალი პარტიები არათანაბარ პირობებში ჩააყენა.

მრავალფეროვანი და პლურალისტური მედია უაღრესად პოლარიზებული იყო, ანალიტიკური ჟურნალისტიკა და პოლიტიკიდან გამომდინარე დისკუსია ნაკლებად ფიქსირდებოდა, რაც ხელს უშლიდა ამომრჩევლების მიერ სრულად ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას. ჩვენ მიერ მონახულებულ მცირე რაოდენობის საარჩევნო უბნებზე პროცედურებს ძირითადად იცავდნენ, თუმცა ადგილზე პარტიებთან აფილირებული სადამკვირვებლო ჯგუფების დიდი რაოდენობით კონცენტრირება, რომლებიც დრო და დრო პროცესში ერეოდნენ, საარჩევნო უბნებზე ხალხმრავლობას განაპირობებდა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარდა. კერძოდ, ამომრჩეველი პარლამენტის 120 წევრს ქვეყნის მასშტაბით პროპორციული სისტემით, ხოლო პარლამენტის 30 წევრს ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებიდან მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ირჩევს.

„საარჩევნო ბარიერის 1%-მდე შემცირებამ საარჩევნო გარემოს კონკურენტუნარიანობა გაზარდა პოლიტიკურ ასპარეზზე ბევრი ახალი პარტიის გამოჩენით. საერთაშორისო დონეზე აპრობირებული კარგი პრაქტიკის საპირისპიროდ, ახალი 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქი მხოლოდ პოლიტიკური პროცესის საფუძველზე ჩამოყალიბდა, თუმცა კონსენსუსის საფუძველზე. საზღვრების დელიმიტაციას შედეგად მოჰყვა საარჩევნო ოლქებში ამომრჩევლების არათანაბრად განაწილება, რამაც საფრთხის ქვეშ დააყენა ხმების თანაბრად განაწილების პრინციპი, რაც თანაბარი საარჩევნო უფლების პრინციპს ეწინააღმდეგება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.