მაკა ბოჭორიშვილი - ეუთო-ს შევთავაზეთ საქართველოს თავმჯდომარეობა, მომავალი მუშაობისთვის მნიშვნელოვანი იქნება, თუ მონაწილე ქვეყნები მხარს დაუჭერენ საქართველოს კანდიდატურას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველომ ეუთო-ს შესთავაზა თავმჯდომარეობა მომავალი წლისთვის, რასთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილება ეუთო-ს მონაწილე ქვეყნებმა ერთსულოვნად უნდა მიიღონ.
ბოჭორიშვილის თქმით, სამომავლო მუშაობისთვის მნიშვნელოვანი იქნება, თუ მონაწილე ქვეყნები მხარს დაუჭერენ საქართველოს კანდიდატურას.
„საქართველომ ეს განაცხადი უკვე გააკეთა, ჩვენ ეუთო-ს შევთავაზეთ საქართველოს თავმჯდომარეობა მომავალი წლისთვის. რა თქმა უნდა, ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღონ მონაწილე ქვეყნებმა ერთსულოვნად, ყველა ქვეყანამ უნდა დაუჭიროს მხარი. ვნახოთ, როგორ წარიმართება მუშაობა ამ საკითხზე, ჯერ ადრეა საუბარი, რამდენად იქნება ჩვენი კანდიდატურა მხარდაჭერილი. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომავალი მუშაობისთვის, თუ მონაწილე ქვეყნები მხარს დაუჭერენ საქართველოს კანდიდატურას, ქვეყანას, რომელსაც აქვს საკუთარი სიტყვა სათქმელი ყველა მიმართულებით, რაზეც ეუთო მუშაობს, იქნება ეს უსაფრთხოების გამოწვევები, დაკავშირებადობის და ეკონომიკური განვითარების კუთხით წვლილის შეტანა თუ ადამიანის უფლებების თვალსაზრისით საკუთარი გამოცდილების გაზიარება“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.