ზაალ უდუმაშვილი - ეუთო/ოდირის დასკვნაში ნათლად წერია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები
ზაალ უდუმაშვილი - ეუთო/ოდირის დასკვნაში ნათლად წერია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები

ეუთო/ოდირის დასკვნაში ნათლად წერია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.

უდუმაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ექვს პუნქტში ერთ-ერთი სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმას ეხება.

„ეუთო/ოდირის დასკვნაში ნათლად წერია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ის რეკომენდაციები და რჩევები, რომელიც მიცემული იყო ოდირის მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციისთვის. შესაბამისად, ამან გამოიწვია ის უნდობლობა, რომელიც გაჩნდა არჩევნების მიმართ. ბუნებრივია, ახლა ვიდრე არ მოხდება საარჩევნო ადმინისტრაციის და საარჩევნო კოდექსის ძირეული ცვლილება, მუდმივად იქნება ასეთი კითხვები და ასეთი ეჭვები. ამიტომაც იმ პაკეტში, რომელიც საქართველოში განსახილველად დატოვებულია შარლ მიშელის მიერ, მითითებულია სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციის მძლავრი რეფორმა, რათა შემდგომი არჩევნები ჩატარდეს ისე, რომ აღარ გაუჩნდეს არავის კითხვა და ზედმეტი ეჭვი გამჭვირვალობასა და სამართლიანობის შესახებ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში 5 მარტს გამოაქვეყნა.