ვახტანგ გომელაურმა ბელგიის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა
ვახტანგ გომელაურმა ბელგიის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანი ნიკოლ დე მური საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში ნიკოლ დე მურსა და ვახტანგ გომელაურს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და უწყების სხვა წარმომადგენლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლ დე მურსა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, დაისახა გეგმები, როგორ უნდა გაუმკლავდნენ უკანონო მიგრაციას და თავშესაფრის დაუსაბუთებლად მოთხოვნასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

„შეხვედრაზე განვიხილეთ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდგომ ის გამოწვევები, რაც ამ მიმართულებით არსებობს, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით მიღწევები და სხვადასხვა სახის თანამშრომლობის მიმართულებები. მოგეხსენებათ, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ ჩვენი ქვეყნის ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა ამ შესაძლებლობით და 1.5 მილიონზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა იცავს წესებს, რაც დადგენილია, თუმცა არის გარკვეული გამონაკლისები, როდესაც ხდება ვადების დარღვევა, ასევე, არის უსაფუძვლოდ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევები. შეხვედრისას სწორედ ამ გამოწვევებზე იყო საუბარი. დავსახეთ გეგმები, როგორ უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. სახელმწიფო მდივანს გავაცანით ინფორმაცია შსს-ს მხრიდან გადადგმული ნაბიჯების შესახებ. პოლიციის ატაშეები ევროპის 19 ქვეყანაში ახორციელებენ მანდატს, ოპერატიულად ვცვლით ინფორმაციებს. ასევე, აქტიურად მოქმედებს საქართველოს საზღვრებზე და აეროპორტებში გასვლის კონტროლის სისტემა, რაც გულისხმობს ევროპაში შესვლისთვის საჭირო დოკუმენტაციის საქართველოს საზღვრებზე შემოწმებას. დღეის მდგომარეობით, 3 000-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს შეეზღუდა ევროპის ქვეყნებში შესვლა იმის გამო, რომ არ ჰქონდათ საბუთები წესრიგში. უკანონო მიგრაცია და თავშესაფრის დაუსაბუთებლად მოთხოვნა არ არის ახალი პრობლემა. ამ პრობლემის წინაშე ჩვენი ქვეყანაც დგას“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ამასთან, თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივნის ნიკოლ დე მურის განცხადებით, ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ სწორი ინფორმაცია და მიგრაცია მოხდეს კანონიერად, რათა მათ არ დახვდეთ არასასიამოვნო სიურპრიზები ბელგიაში ჩასვლის შემდეგ.

„ვგრძნობ, რომ აქ არის ოპტიმიზმის შეგრძნება და მომდევნო რამდენიმე წელი იქნება შესანიშნავი. ველოდები შესაძლებლობების მეტ განვითარებას ახალგაზრდა ადამიანებისთვის საქართველოში. ისინი წარმოადგენენ მომავალს. მინისტრ გომელაურთან მქონდა კარგი დისკუსია. ჩვენ დავადასტურეთ, რომ ბელგია და საქართველო პარტნიორები არიან. მივესალმები იმ ქართველებს, რომელთაც სურთ გამოცდილების მიღება, სწავლა ან მუშაობა ბელგიაში. ამისთვის კი ჩემი ქვეყანა შემოიღებს სპეციალურ პროცედრურებს და კრიტერიუმებს. ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი არის ამ პროცედურების უფრო კარგად გამართვა, რადგანაც შევნიშნე, რომ ვრცელდება ბევრი ე.წ. ფეიკნიუსი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება, მიგრაცია ბელგიაში.

არსებობს მიგრაციის კანონიერი და უკანონო გზები. ამიტომ, ფუნდამენტური მნიშვნელობის მატარებელია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ სწორი ინფორმაცია და მიგრაცია მოხდეს კანონიერად, რათა მათ არ დახვდეთ არასასიამოვნო სიურპრიზები ბელგიაში ჩასვლის შემდეგ. ეს საკითხი ეხება საკუთრი თავის დაცვას მოულოდნელი სირთულეებისგან საზღვარზე ან თქვენი ყოფნის დროს ბელგიაში. არსებობს სამი სპეციფიკური საკითხი, რომელიც მინდა, გამოვყო. პირველი არის ის, რომ თავშესაფრის მოთხოვნებზე საქართველოს მოქალაქეებს ძირითადად უარს ეუბნებიან, რადგანაც ბელგია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად განიხილავს. თავშესაფარს არასდროს ვაძლევთ ეკონომიკური მიზეზების გამო. უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღება სწრაფად და მათ, ვინც ვერ აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, მოუწევთ ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვება. მათ, ვინც ჩამოდის ბელგიაში, მოუწევთ ქვეყანაში შესვლის პირობების დაკმაყოფილება და ვიზის გარეშე ბელგიაში დარჩენა მხოლოდ განსაზღვრული პერიოდით შეეძლება. საზღვარზე იქნება მკაცრი შემოწმება. მესამე, თუ თქვენ გაგაჩერებენ საზღვარზე ან ვიზის გარეშე მოგთხოვენ საქართველოში დაბრუნებას, და თუ საჭიროა, ძალით დაგატოვებინებენ ქვეყანას, ჩვენმა ქვეყნებმა შეიმუშავეს ეფექტური პროცედურა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მოგზაურობის აკრძალვას.

ბოლო რჩევა, რომელიც მინდა, გავცე, არის ის, რომ საქართველო სწრაფად ვითარდება. რეკომენდაციას ვაძლევ ახალგაზრდებს, ეძებეთ ადგილობრივი შესაძლებლობები, საქართველოში არსებობს შესაძლებლობები და ბელგიაში ცხოვრება ყოველთვის იოლი არ არის. მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა საქართველოს ხელისუფლებას კარგი თანამშრომლობისთვის ჩვენ ქვეყნებს შორის ორმხრივი მიგრაციის საკითხზე“, – განაცხადა ნიკოლ დე მურმა.

თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სხვადასხვა უწყებასთან შეხვედრებს ორი დღის განმავლობაში გამართავს.