ვახტანგ გომელაური - ყოველთვის ვცდილობთ, არ მოხდეს დაპირისპირება, მაქსიმალურად დავაბალანსოთ ვითარება, თუმცა, არიან ჯგუფები, რომლებსაც ალბათ დესტრუქცია სჭირდებათ
ვახტანგ გომელაური - ყოველთვის ვცდილობთ, არ მოხდეს დაპირისპირება, მაქსიმალურად დავაბალანსოთ ვითარება, თუმცა, არიან ჯგუფები, რომლებსაც ალბათ დესტრუქცია სჭირდებათ

ყოველთვის ვცდილობთ, არ მოხდეს დაპირისპირება, მაქსიმალურად დავაბალანსოთ ვითარება, თუმცა, სამწუხაროდ, არიან ჯგუფები, რომლებსაც ალბათ ეს დესტრუქცია სჭირდებათ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლის შეჯამებისას განაცხადა.

გომელაურმა ასევე უპასუხა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორთან, ზვიად ხარაზიშვილთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს, ისაუბრა უწყების სხვა თანამშრომლებზეც და აღნიშნა, რომ სამინისტროში ბევრი პროფესიონალი მუშაობს.

„თითქმის 30 წელია, რაც ვმუშაობ, 1994 წელს დავიწყე მუშაობა ძალოვან უწყებაში და დაახლოებით ამდენი ხანია, მუშაობს ზვიად ხარაზიშვილი, ე.წ. ხარება, როგორც თქვენ ეძახით, ხან გვარი შეგეშალათ, მაგრამ არ არის პრობლემა. ბევრი რაღაც აქვს ამ ადამიანს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის არის ომში მონაწილეობა, უამრავ ოპერაციაში მონაწილეობა. ერთ-ერთი გამორჩეული, ღირსეული ადამიანია. მესმის, რატომაც გინდათ, ამ ადამიანის დისკრედიტაცია მოახდინოთ. გავწიოთ, მოვხსნათ, გომელაურიც გადადგეს, ხარაზიშვილიც, ყველა გადადგეს – აქ გაჟღერდა, ძველი თანამშრომლები გყავთ დატოვებულიო. 40 000 ადამიანი მუშაობს შსს-ში, ასევე უსაფრთხოების სამსახურში. ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია, 90-იანი წლებიდან დაწყებული მუშაობენ. მათ შორის, უსაფრთხოების სამსახურში 90-იანი წლებიდან მუშაობდნენ და ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. ძალიან ბევრი ახალგაზრდა აღზარდეს, მათ შორის, მეც ბევრი რაღაც მისწავლია, ბევრი ჩემზე უფროსია და კიდევ მუშაობენ. ყველას პატივს ვცემ. არ ვიცი, ყველა უნდა გაგვეშვა, 40 000 კაცი და სულ ახლები მოგვეყვანა თუ რა უნდა გაგვეკეთებინა? მგონი, ისეთ რაღაცას საუბრობთ ხოლმე, რომელიც წარმოუდგენელია და ამას ვერავინ გააკეთებს, არც გააკეთებენ.

მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გითხრათ ყველა თქვენგანს. ვფიქრობ, პირველ რიგში, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს. ბატონმა კახიშვილმა ბრძანა, რომ ცოტანი ვართ ქართველები და ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. მით უმეტეს, ოჯახებს, ოჯახის წევრებს არ უნდა შევეხოთ. ვიმედოვნებ, ყველაფერი მშვიდობით იქნება.

მესმის, შეიძლება, ოპოზიციას არ მოსწონს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ, თუმცა პრემიერ-მინისტრი თუ გადაწყვეტს, გომელაური არ უნდა იყოს შინაგან საქმეთა მინისტრი, უნდა იყოს სხვაგან ან სახლში, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას დაემორჩილება ყველა. მესმის, არ მოგწონთ ჩემი ყოფნა, არ მოგწონთ ზვიად ხარაზიშვილი, როგორც თქვენ ეძახით, „ხარებას“ ყოფნა იქ და არა მარტო ბატონი ზვიადის, ძალიან ბევრი პროფესიონალი მუშაობს დღეს ჩემ გვერდით. აღარ მინდა, სახელები და გვარები ჩამოვთვალო. მინდა, ყველას მადლობა ვუთხრა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურმა დასკვნით სიტყვაში ბოლო დღეებში გამართულ აქციებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„არავის არ უნდა არანაირი დაკავებები, ძალადობა, არავის არ უნდა და არ გვჭირდება. პირიქით, მაქსიმალურად ვცდილობთ, გვერდით დავუდგეთ. არ შემიძლია, ხაზი არ გავუსვა იმას, პოლიცია იყო, უპრეცედენტო მობილიზება, ეს რა ხდება, გავსებულია პოლიციითო. რატომ იყო პოლიცია, ამაზე გავაკეთეთ განმარტება. დეპუტატები უნდა გამოსულიყვნენ და მომზადებული იყვნენ აქციის მონაწილეები, თუმცა ის ყველაფერი შემდეგ პოლიციაზე გადმოვიდა, რომლებიც ჩიტაძის ქუჩაზე განლაგდნენ. ეს პირდაპირ ჩანდა. განლაგდნენ საღებავებით, ქვებით, გაყინული ბოთლებით, რომელიც ჩვენს ერთ თანამშრომელს ესროლეს და თვალში მოხვდა. ელოდებოდნენ, რომ უნდა გამოევლოთ დეპუტატებს. შემდეგ მათ ვთხოვე, იქნებ კანცელარიიდან გავიდეთ-მეთქი, რათა დაპირისპირება არ გამოეწვია ახალგაზრდებთან, აქციის მონაწილეებთან. დაგვთანხმდნენ და მინდა, მადლობა გითხრათ ყველას. ნახეს, რომ გავიდნენ, არავინ აღარ იყო და მოგვიბრუნდნენ, საღებავები, გაყინული ბოთლები, მათ შორის ქვები, რკინის ნაჭრებიც წამოვიდა პოლიციისკენ. ამის შემდეგ დავიწყეთ მოქმედება, ზუსტად პარლამენტის უკან. ეს ყველაფერი გადაღებულია. კარგად ჩანს, რომ დგას პოლიცია და იწყება ნივთების სროლა, სითხის გადასხმა, ამ შემთხვევაში, საღებავის. ეს ნათლად ჩანს.

მეორე დღეს დაკეტილი იყო პარლამენტი და ვიფიქრეთ, გაგვეწია პოლიცია, რათა კიდევ არ მომხდარიყო დაპირისპირება. იქ რომ ვერ ნახეს დაპირისპირება, შემდეგ გადმოვიდნენ, რამდენიმე ლიდერი მოჰყვა. ლევან ხაბეიშვილი რაღაც ფრაზებს გამოთქვამდა, ჩამოვიდეს პრემიერიო და ასე შემდეგ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ძალადობდა ან ეჭიდავებოდა პოლიციელებს. ორ-სამ კაცზე მაქვს საუბარი, ზოგი პარლამენტარიც არ არის. კანცელარიასთან დაიწყო ის, რაც უნდოდათ, რაღაც სურათი დაედგათ – ჭიდაობა, ასევე, სამწუხაროდ, ალეკო ელისაშვილის ამბავი რაც მოხდა. ყოველთვის ვცდილობთ, რომ არ მოხდეს დაპირისპირება. მაქსიმალურად დავაბალანსოთ ვითარება, თუმცა, სამწუხაროდ, არიან ჯგუფები, რომლებსაც ალბათ ეს დესტრუქცია სჭირდებათ“, – განაცხადა გომელაურმა.