ვახტანგ ბუცხრიკიძე - არ შეიძლება, ბანკებს ზედმეტად მკაცრი რეგულაციები დაუწესდეს
ჭარბვალიანობაზე საუბრისას ძალიან მნიშვნელოვანია კარგად გაიმიჯნოს ერთმანეთისგან საბანკო სექტორი და მიკროსაფინანსო ინსტიტუტები, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში, საბანკო სექტორი ძალიან მოზომილია.
„ძალიან მნიშვნელოვანი არის კარგად გავმიჯნოთ საბანკო სექტორი მიკროსაფინანსო ინსტიტუტებისგან, რადგან ხშირად ხდება, როდესაც არის ზოგადი საუბარი, ეს არის საბანკო სექტორზე თუ მიკროსაფინანსო ინსტიტუტებზე? მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ საბანკო სექტორი ამ შემთხვევაში არის საკმაოდ მოზომილი. მოგეხსენებათ, რომ ახალი რეგულაციები შემოდის, რომელიც არის საკმაოდ მკაცრი. საჭირო იქნება კარგი მუშაობა იმისთვის, რომ ამ მიმართულებით რეგულაცია ზედმეტად მკაცრი არ გამოგვივიდეს“, – განაცხადა ბუცხრიკიძემ.
მისი თქმით, ადამიანებს სჭირდება დაფინანსება, შესაბამისად, არ შეიძლება ბანკებს ზედმეტად მკაცრი რეგულაციები დაუწესდეთ.
„ადამიანებს სჭირდებათ დაფინანსება და შესაბამისად, ეს უნდა იყოს მოზომილი, არ შეიძლება მოხდეს ისე, რომ ბანკებს ზედმეტად მკაცრი რეგულაციები დაუწესდეს, რადგან შესაძლოა, მოთხოვნა გადავიდეს სხვა მიმართულებაში. შეიძლება ეს იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ან საერთოდ ცუდი მოხდეს და არამართვად და არარეგულირებად სფეროში გადავიდეს“, – განაცხადა ბუცხრიკიძემ.
მოსახლეობის ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით გუშინ ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძისა და საბანკო სექტორის წარმომადგნლების შეხვედრაზე ისაუბრეს. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ჭარბვალიანობა კომპლექსური პრობლემაა, რომელსაც სისტემური მიდგომა სჭირდება. ამასთან, მისი თქმით, საბანკო სექტორს აქვს საშუალება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას.