ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე დაპირისპირების საქმეზე ბრალდებულ ლევან ძნელაძეს პატიმრობა შეეფარდა
30 სექტემბერს ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე, დაპირისპირების საქმეზე ბრალდებულ ლევან ძნელაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
ლევან ძნელაძეს საქმეზე მოსამართლემ ღუდუშაურის კლინიკაში იმსჯელა, სადაც ამ ეტაპზე ბრალდებული იმყოფება.
დაცვის მხარემ ლევან ძნელაძისთვის გირაოს 5 000 ლარის შეფარდების შუამდგომლობა დააყენა, პროკურატურა კი, პატიმრობას მოითხოვდა.
პოლიციამ ლევან ძნელაძე ვაკეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დააკავა. მას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, რაც სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ინფორმაციითვე, სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ამავე ფაქტზე ორი პირი 10 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს.
„1962 წელს დაბადებულ ზ.ც.-ს და 1973 წელს დაბადებულ დ.ჯ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინათ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ 1962 წელს დაბადებულმა ზ.ც.-მ და 1973 წელს დაბადებულმა დ.ჯ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1972 წელს დაბადებულ ლ.ძ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები მიაყენეს.
თუმცა, გამოძიებით ასევე გამოიკვეთა, რომ ზ.ც.-ს და დ.ჯ. მიერ ლ. ძ.-ის მკვლელობის მცდელობას წინ უძღოდა ლ.ძ.-ს მიერ გ.ც.-ის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი“, – აცხადებენ შსს-ში.