ადვოკატის ინფორმაციით, ვაკეში დაპირისპირების საქმეზე ბრალდებული ლევან ძნელაძე მკურნალობას მე-18 პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში განაგრძობს
ადვოკატის ინფორმაციით, ვაკეში დაპირისპირების საქმეზე ბრალდებული ლევან ძნელაძე მკურნალობას მე-18 პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში განაგრძობს

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ლევან ძნელაძე იარაღის ფლობისა და გამოყენების ნაწილში დუმილს ინარჩუნებს, – ამის შესახებ ადვოკატმა, გელა ნიკოლეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ლევან ძნელაძეს ბრალი სწორედ იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარების, ასევე საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, გივი ცინცაძის სხეულის განზრახ დაზიანებისთვის აქვს წარდგენილი.

ადვოკატის ინფორმაციით, ძნელაძეს ჯერ კიდევ უჭირს გადაადგილება და ის მკურნალობას პენიტენციური დაწესებულების მე-18 რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაგრძობს. რაც შეეხება დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე სამი კვირის წინ მომხდარი დაპირისპირების სხვა დეტალებს, გელა ნიკოლეიშვილის თქმით, ბრალდებულ ძნელაძის მეუღლეს ფინანსური დავა ჰქონდა ერთ-ერთ მშენებელთან, რომელსაც შეხვედრა სთხოვეს, თუმცა ბიზნესმენის ნაცვლად, მათთან სამი უცნობი ადამიანი მივიდა. ადვოკატის განცხადებით, ისინი აგრესიით გამოირჩეოდნენ, რაც მოგვიანებით დაპირისპირებაში გადაიზარდა.

როგორც ადვოკატი ამბობს, დაზარალებულის სტატუსი ამ ეტაპზე საქმის არცერთ ფიგურანტს არ აქვს მინიჭებული, თუმცა ელოდება, რომ დაზარალებულად მისი დაცვის ქვეშ მყოფს ცნობენ.

ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების საქმეზე დაკავებულ კიდევ ორ პირს – გივი ცინცაძესა და დავით ჯაშს განზრახ მკვლელობის მცდელობა ედებათ ბრალად. მათი სასამართლო 27 ნოემბერს, ძნელაძის კი 9 დეკემბერს გაიმართება.