ყიფშიძის ქუჩაზე დაპირისპირების საქმეზე ლევან ძნელაძეს ღუდუშაურის კლინიკაში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
ყიფშიძის ქუჩაზე დაპირისპირების საქმეზე ლევან ძნელაძეს ღუდუშაურის კლინიკაში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

30 სექტემბერს ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე დაპირისპირების დროს დაჭრილ ლევან ძნელაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ბრალის წარდგენა ღუდუშაურის კლინიკაში მოხდა.

ძნელაძეს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, რაც სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულის ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, აღკვეთის ღონისძიების შესახებ სხდომა ხვალ სავარაუდოდ, ღუდუშაურის კლინიკაში გაიმართება.

„მას შესთავაზეს ჩვენების მიცემა. ამ ეტაპზე გამოვიყენეთ დუმილის უფლება, რაც ნიშნავს, რომ ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. რაც შეეხება იმას, თუ რა პოზიცია გვექნება ზოგადად ამ ბრალთან დაკავშირებით, ხვალ იქნება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომა. დიდი ალბათობით, ეს სხდომა ჩატარდება ასევე სამედიცინო დაწესებულებაში, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე. რაც შეეხება მტკიცებულებებს, სამი დისკი გადმოგვეცა, 212 დოკუმენტი. გავეცნობით და ხვალ პროცესზე ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ. იმედი გვაქვს, პატიმრობა არ შეეფარდება, ვინაიდან იგი არის დაზარალებული, რომელიც რეალურად გადაურჩა სიკვდილს ხუთი ძალიან მძიმე ჭრილობის შემდეგ.

რაც შეეხება იმას, რომ მას ბრალად ედება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ეს სავარაუდოდ, ძალიან მალე შეიცვლება, როდესაც ექსპერტიზის დასკვნა მოვა, ვინაიდან შეუძლებელია, სიცოცხლისათვის საშიში ყოფილიყო, რომც ჩავთვალოთ, რომ მისი გასროლით დაუზიანდა ადამიანს ფეხი. ფეხის კოჭზე ჰქონია მას რაღაც განაკაწრი. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი დაკითხვა შეუძლებელი იყო და დღესაც ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენება არ მივეცით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა,“ – განაცხადა ადვოკატმა.

პოლიციამ ლევან ძნელაძე ვაკეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გუშინ დააკავა. უწყების ინფორმაციითვე, სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ამავე ფაქტზე ორი პირი 10 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს.

„1962 წელს დაბადებულ ზ.ც.-ს და 1973 წელს დაბადებულ დ.ჯ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინათ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ 1962 წელს დაბადებულმა ზ.ც.-მ და 1973 წელს დაბადებულმა დ.ჯ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1972 წელს დაბადებულ ლ.ძ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები მიაყენეს.

თუმცა, გამოძიებით ასევე გამოიკვეთა, რომ ზ.ც.-ს და დ.ჯ. მიერ ლ. ძ.-ის მკვლელობის მცდელობას წინ უძღოდა ლ.ძ.-ს მიერ გ.ც.-ის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი“, – აცხადებენ შსს-ში.