ვაკეში ავარიისას დაშავებული 26 წლის მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული 26 წლის მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება, – ამის შესახებ პირველ არხს „ელიზაბეთ ბლექველის“ ჰოსპიტალში განუცხადეს.
როგორც მედიკოსები აცხადებენ, პაციენტს გუშინ ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, დღეს დილით გამოკვლევების ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ დინამიკა დადებითია. მათივე თქმით, მას შემდეგ, რაც მდგომარეობა დასტაბილურდება, პაციენტს მეორე ოპერაცია ჩაუტარდება.
მამაკაცს მხრის ძვლების მოტეხილობა აღენიშნება. როგორც ჰოსპიტალში აცხადებენ, დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ არის.
ამასთან, ვაკეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი პაციენტი „ევექსის“ რეგიონულ ჰოსპიტალში მკურნალობს. ექიმების განცხადებით, ერთი პაციენტი დღის მეორე ნახევარში გაიწერება, მეორე კი რეანიმაციაშია მოთავსებული. ერთ-ერთს გუშინ ორი ოპერაცია, ელენთასა და კიდურზე ჩაუტარდა. ექიმების თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. სასწრაფო დახმარების მანქანა მშენებლობის მიმდებარედ ჯიხურს დაეჯახა, სადაც იქვე დასაქმებული ადამიანები იყვნენ შეკრებილნი. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა 12 ადამიანი. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.