ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ ჭავჭავაძის გამზირზე რეფორმის პირველი დღეა და ადაპტაციას გარკვეული დრო დასჭირდება
ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ ჭავჭავაძის გამზირზე რეფორმის პირველი დღეა და ადაპტაციას გარკვეული დრო დასჭირდება

თბილისის მერის მოადგილე ჭავჭავაძის გამზირზე შექმნილ საცობთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დღეს რეფორმის პირველი დღეა და ადაპტაციას გარკვეული დრო დასჭირდება.

როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მოძრაობა რამდენიმე დღეში დარეგულირდება და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„თბილისის სანტრანსპორტო პოლიტიკა დღეს რეფორმის ეტაპზეა. ინდივიდუალურ ტრანსპორტზე მორგებული სისტემიდან საზოგადოებროვ ტრანსპორტზე მორგებულ სისტემაზე გადავდივართ. ეს პროცესი გარდამავალ ეტაპზე, გარკვეულწილად, დისკომფორტის შემცველია.

არ გვაქვს იმის საშუალება, რომ მუდმივად ვაფართოვოთ ქუჩები, მუდმივად ახალი გზები და ესტაკადები ვაშენოთ იმისათვის, რომ მანქანების ნაკადს გაუძლოს. დაახლოებით, ორი წლის წინ გავაჟღერეთ სანტრანსპორტო პოლიტიკა და დეტალურად მოვუყევით ჩვენს მოსახლეობას, რა პოლიტიკას გაატარებდა მუნიციპალიტეტი სატრანსპორტო პოლიტიკაში. ეს არის ერთადერთი უალტერნატივო და სწორი გზა. აქედან გამომდინარე, მე ვერც პანიკის და ვერც კრიტიკის საბაბს ვერ ვხედავ.

რაც შეეხება უშუალოდ ჭავჭავაძის გამზირს, დღეს არის რეფორმის პირველი დღე და ადაპტაციას გარკვეული დრო დასჭირდება. ერთი წლის წინ მოქალაქეები ჭავჭავაძის გამზირზე დანიშნულების ადგილამდე კონკრეტული მარშრუტით მიდიოდნენ, დღეს კი მოძრაობის სქემა მთლიანად შეიცვალა. ამას შეიძლება ერთი ან ორი კვირა დასჭირდეს, ამიტომ დღევანდელი დღით შეფასება არასწორია“, – განაცხადა ხმალაძემ.

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის შედეგად, მისი გამტარუნარიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„რეფორმის შედეგად, ჭავჭავაძის გამზირს ერთ საათში დაახლოებით, 8 ათასით მეტი ადამიანის გატარება შეუძლია. ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რითაც უნდა შევაფასოთ. ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, როგორ უნდა მოეწყოს ქალაქში სატრანსპირტო ინფრასტრუქტურა, რათა ჰქონდეს მაღალი გამტარუნარიანობა, ქალაქში გვქონდეს ნაკლები საცობი და ჰაერის დაბინძურება.

თვითმმართველობის არჩევნებზე მოსახლეობის მთავარი დაკვეთა იყო საცობისა და სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის პრობლემის მოგვარება. თუ ჩვენ არ მოვინდომეთ, რომ ქალაქში ნაკლებმა მანქანამ იაროს, ჯადოსნური ჯოხით ხომ ვერ შევამცირებთ ჰაერის დაბინძურებას ან როგორ განვტვირთავთ საცობებს?!“, – განაცხადა ხმალაძემ.