ვაკეში სფფ-ის საფეხბურთო ცენტრი შენდება
ვაკეში სფფ-ის საფეხბურთო ცენტრი შენდება

სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა გრძელდება, – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

სტადიონის მშენებლობა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა, ლევან კობიაშვილმა, დავით მუჯირმა, კახა ჭუმბურიძემ და აკაკი ალადაშვილმა დაათვალიერეს.

ვაკეში, ჭავჭავაძის 49 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სტადიონი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 2019 წლის დეკემბერში გადაეცა და მას შემდეგ სფფ-ს მორიგი საფეხბურთო ცენტრი შენდება, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ბოლო 30 წელიწადში თბილისის ცენტრალურ უბნებში მდებარე ბევრი სტადიონი გაიყიდა და ბავშვებს ვარჯიშის საშუალება, ფაქტობრივად, არ გააჩნიათ.

პროექტის ფარგლებში შენდება სტანდარტული ზომის მოედანი ადმინისტრაციული შენობით, ტრიბუნებით, განათებითა და სარბენი ბილიკით. საფეხბურთო ცენტრით სარგებლობას უფასოდ შეძლებენ საფეხბურთო სკოლები, ქალთა და მოყვარულთა გუნდები, ხოლო სარბენი ბილიკის გამოყენებას მოსახლეობაც შეძლებს. მშენებლობის დასრულება 2020 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.