ვაისი სლოვაკეთში წლის მწვრთნელად დაასახელეს - საქართველოში ფინალამდე ისეთ ემოციებში ვიყავი, სტადიონზე მისვლამდე სამჯერ ვიტირე #1TVSPORT
ვაისი სლოვაკეთში წლის მწვრთნელად დაასახელეს - საქართველოში ფინალამდე ისეთ ემოციებში ვიყავი, სტადიონზე მისვლამდე სამჯერ ვიტირე #1TVSPORT

ვლადიმირ ვაისი 2020 წელს სლოვაკეთის საუეკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, საფუძველი კი საქართველოს ნაკრებში წარმატებული მუშაობა დაასახელეს. ამის შესახებ სლოვაკური გამოცემა sport.sk წერს, რომელმაც საქართველოს ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს ინტერვიუ ჩამოართვა და „ჯვაროსნებთან“ მუშაობაზეც ელაპარაკა.

„ვლადიმირ ვაისს არ ჰქონდა იმედი, რომ სლოვაკეთში წლის ფეხბურთელის გამოკითხვის ორგანიზატორები მას ოდესმე გაიხსენებდნენ. 56 წლის მწვრთნელი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნულ გუნდს და ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალში გაიყვანა. ვაისი წლის მწვრთნელი კარიერაში მესამედ გახდა. მისივე თქმით, ეს ჯილდო მისთვის ამ მომენტში უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ჯილდოს სახელი მიენიჭა მცირე ხნის წინ გარდაცვლილი ჟოზეფ ვენგლოშის სახელით, რომელსაც ვაისი პატივს სცემდა არა მხოლოდ როგორც მწვრთნელს“, – წერს sport.sk

„საქართველოში ჩვენ მიზანს ვერ მივაღწიეთ, ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავედით და ძალიან იმედგაცრუებული დავრჩით. ამიტომ არ ველოდი, რომ ვინმე გამიხსენებდა. ამ პრიზს სული აქვს, რადგან ეს არის ვენგლოშის პრიზი, რომელიც ჩემი პედაგოგი და, უპირველესად, დიდი ადამიანი იყო. ვისგანაც მწვრთნელობას ვსწავლობდი. თვითონ არ მჯეროდა, რომ გამორჩეულთა კომპანიაში დავბრუნდებოდი“, – შედეგების გამოცხადების შემდეგ ვაისმა ემოციები არ დამალა.

ვაისი და საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ზე მოხვედრასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ პლეი-ოფის ფინალში, მისმა გუნდმა შინ ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 წააგო. მან 12 ნოემბრის ამბები გაიხსენა და საქართველოს ნაკრები დაახასიათა.

„საქართველოში ფინალამდე ისეთ ემოციებში ვიყავი, რომ სტადიონამდე მიმავალ გზაზე სამჯერ ვიტირე. ნაკრების ავტობუსს 50 000-მდე ადამიანი აცილებდა და სტადიონამდე ასე მივედით. ეს წაგება ამის გამო უფრო დასანანია. ქართველები კიდევ უფრო განვითარდებიან და უფრო თავდაუზოგავად ითამაშებენ. მათ ეს თვისება გააჩნიათ. მაგრამ მათ დისციპლინა აკლდათ და ვცდილობდით, ეს დაგვენერგა. ის ფაქტი, რომ ესპანეთს მოვუგეთ, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან პრობლემა შეგვექმნა, მეტყველებდა, რომ საკუთარი ძალის ბოლომდე არ სჯეროდათ, იქ მუშაობა ადვილი არ არის“.