ვლადიმირ ვაისი - საქართველოს ევრო 2024-ზე გასვლა ძალიან გამიხარდა, ვილი სანიოლმა დიდი სამუშაო შეასრულა #1TVSPORT
ვლადიმირ ვაისი - საქართველოს ევრო 2024-ზე გასვლა ძალიან გამიხარდა, ვილი სანიოლმა დიდი სამუშაო შეასრულა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ფრანგი ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით „ჯვაროსნების“ ევრო 2024-ზე გასვლაზე ისაუბრა და გუნდს წარმატება მიულოცა.

ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის გადამწყვეტ მატჩში ქართველებმა საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში (4:2) დაამარცხეს. მსგავსი შანსი საქართველოს ნაკრებს ვაისის მწვრთნელობის დროსაც ჰქონდა, მაგრამ 2020 წლის 12 ნოემბერს გუნდი „დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა.

„რა თქმა უნდა, მატჩს ვუყურე და ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. შესანიშნავი შედეგია. ვილი სანიოლი კარგი მწვრთნელია, რომელმაც ჩემ შემდეგ დიდი საქმე გააკეთა. ბოლო ათი წლის განმავლობაში, გასაოცარ გულშემატკივრებთან ერთად, საქართველოში ფეხბურთი წინ წავიდა.

მათ ეს წარმატება დაიმსახურეს, ძალიან ბედნიერი ვარ. ნაკრებში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია და კარგი გუნდი ჰყავთ. როგორ შეიცვალა საქართველოს ნაკრები ჩემი წასვლის შემდეგ? ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომელთაც შანსი მივეცი, უკვე გაიზარდნენ. გუნდს მეტი გამოცდილება და კლასი აქვს.

სამწუხაროდ, ოთხი წლის წინ ჩვენ ჩრდილოეთ მაკედონია ვერ დავამარცხეთ. მოხარული ვარ, რომ ისტორია არ განმეორდა. საბერძნეთთან ფსიქოლოგიურად ძალიან რთული მატჩი იყო, ამ გამარჯვების ბედნიერებას საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებთან ერთად ვიზიარებ“, – განაცხადა ვაისმა Telecomasia-სთან.

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან (18 ივნისს დორტმუნდში), ჩეხეთსა (22 ივნისს ჰამბურგში) და პორტუგალიასთან (26 ივნისს გელზენკირხენში) ითამაშებს.