ფეხბურთი | ვლადიმირ ვაისი - მეგონა, მოედანზე ახალგაზრდა გურამ კაშია დაბრუნდა, მის წინაშე ქედს ვიხრი #1TVSPORT
ბრატისლავის „სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა კონფერენს ლიგაზე „რაიო ვალეკანოსთან“ (2:1) გამარჯვებაზე საუბრისას გუნდის გამოცდილი ფეხბურთელების, გურამ კაშიასა და ვლადიმირ ვაის უმცროსის თამაში გამოარჩია.
„ფანტასტიკური სტატისტიკა გვქონდა. ჩემი ზოგიერთი ფეხბურთელი პრემიერ ლიგის მოთამაშეების დონეზე იყო. კმაყოფილი ვარ როგორც თამაშით, ისე შედეგით. დღევანდელი ფეხბურთი დაბალანსებული და დინამიკურია – ასეთი გამარჯვებები შემთხვევით არ მოდის.
მოგება ვეტერანებმა მოგვიტანეს, ვლადიმირმა და გურამ კაშიამ, რომლებსაც ბოლო დროს ბევრი აკრიტიკებდა, მაგრამ მათ გარეშე „რაიო ვალეკანოს“ ვერ მოვუგებდით. არაფერია მარადიული, არც დიდება და არც გამარჯვებები. ფაქტია, რომ დღეს ჩვენმა ვეტერანებმა მთელი გულით ითამაშეს და ახალგაზრდებიც აიყოლიეს.
ათი წელია, რაც გურამს ვწვრთნი და მის წინაშე ქედს ვიხრი. 38 წლისაა და ვიცი, როგორი ადამიანია. ვლადო ორ დღეში 36 წლის გახდება – მითხარით, კიდევ ვინ თამაშობს მის ასაკში ფლანგზე? განსაკუთრებით ყველაფრის შემდეგ, რაც გადაიტანა. ასეთი ფეხბურთელების პოვნა რთულია. მხოლოდ იურაი კუცკასა და ჯაბა კანკავას თუ გავიხსენებთ. კაშიას რომ ვუყურებდი, მეგონა, ახალგაზრდობაში დაბრუნდა“, – განაცხადა ვაისმა.
კონფერენს ლიგის ძირითად ეტაპზე ბრატისლავის „სლოვანმა“ პირველი გამარჯვება მოიპოვა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა საკუთარ მოედანზე, „ტეჰელნე პოლიუზე“ ესპანური „რაიო ვალეკანო“ 2:1 დაამარცხა. გურამ კაშიამ ანგარიში გაათანაბრა, მანამდე კი ორჯერ გადაარჩინა გუნდი აშკარა გოლისგან.