ვაისი ჩაკვეტაძის „სლოვანიდან“ წასვლით იმედგაცრუებულია - „გენტი“ და მისი აგენტი სპეკულირებენ, მოგვატყუეს #1TVSPORT
ვაისი ჩაკვეტაძის „სლოვანიდან“ წასვლით იმედგაცრუებულია - „გენტი“ და მისი აგენტი სპეკულირებენ, მოგვატყუეს #1TVSPORT

სლოვაკეთის ჩემპიონმა, ბრატისლავის „სლოვანმა“ ბელგიური „გენტის“ ფინანსური მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, რომელმაც გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერში ოთხი მილიონი ევრო მოითხოვა და ქართველი შემტევი მომავალ სეზონში ბრატისლავის „სლოვანს“ ამიტომ ვერ დაეხმარება, – ამის შესახებ „სლოვანის“ მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა „ზრინსკისთან“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე განაცხადა.

ქართველის ტრანსფერის ღირებულება, სპეციალიზებული ვებგვერდის, Transfermarkt-ის მიხედვით, 2,4 მილიონი დოლარია. ვარაუდობდნენ, რომ „სლოვანს“ მისი გამოსყიდვა დაახლოებით 2 მილიონად შეეძლო. ვაისმა ამ და სხვა თემებზე ისაუბრა.

„არა მხოლოდ ჩვენ, ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის „უოტფორდიც“ კი ვერ აკმაყოფილებდა ბელგიური კლუბის ფინანსურ მოთხოვნებს – „გენტი“ 4 მილიონს ითხოვდა. ამიტომ ჩაკვეტაძე იქ მხოლოდ ერთწლიანი იჯარით წავიდა ტრანსფერის გამოსყიდვის შესაძლებლობით.

ჩაკვეტაძეზე დიდ გავლენას ახდენს მისი აგენტი და ერთ-ერთი მეგობარი, ასევე ქართველი აგენტი. ის იძულებული გახადეს, წასულიყო „უოტფორდში“. „გენტსაც“ სურდა, რომ მას უკეთეს ლიგაში ეთამაშა. ცრემლებამდე გული დაგვწყდა გიორგის სხვა გუნდში გადასვლით, რადგან მას დავეხმარეთ და არაფერი დაგვრჩა.

„გენტს“ რომ გაეყიდა, გარკვეული თანხა ჩვენც შეგვხვდებოდა, მაგრამ ის იჯარით წავიდა. ბელგიელები და მისი აგენტი სპეკულირებენ, შეიძლება ითქვას, რომ მოგვატყუეს. ჩვენ მათ დავეხმარეთ, მათ კი ჩაკვეტაძის დასაბრუნებლად ყველაფერი არ გააკეთეს.

„სლოვანისთვის“ ქართველის მნიშვნელობაზე მოკლედ ვიტყვი – ამჟამინდელ შემადგენლობაში ყველაზე მეტად ჩაკვეტაძე მაკლია. ის იყო რგოლებს შორის დამაკავშირებელი. მართალია, გოლები არ გაუტანია, მაგრამ კარგი თამაშები ჩაატარა. სათამაშო გეგმაში ის შესამჩნევად გვაკლია“, – განაცხადა ვაისმა.