უზენაესმა სასამართლომ ლისის ტბის ჩამორთმევის საქმეზე ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის საჩივარი არსებითი განხილვისთვის მიიღო
უზენაესმა სასამართლომ ლისის ტბის ჩამორთმევის საქმეს პრეცედენტული დავის კვალიფიკაცია მიანიჭა და არსებითი განხილვისთვის დაუშვა, – ამის შესახებ ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რამაზ ახვლედიანს წინა ხელისუფლებამ იძულებით ჩამოართვა ლისის ტბა, რომლის მფლობელიც მამუკა ხაზარაძე გახდა. უზენაესმა სასამართლომ კი, დასაშვებად ცნო ახვლედიანის ყველა მოთხოვნა, რომელიც ლისის ტბის საქმეს უკავშირდება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, რამაზ ახვლედიანის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება რამაზ ახვლედიანის საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვისთვის მიღებაზე 2018 წლის 27 დეკემბრით თარიღდება, მათ კი, ოფიციალური საფოსტო შეტყობინებით 2019 წლის 15 თებერვალს მიიღეს. განჩინებაში აღნიშნულია, რომ საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებებს, რამაზ ახვლედიანის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ სამართლებრივ საკითხებთან მიმართებით და მივიდა დასკვნამდე, რომ საქმე არსებითი განხილვისთვის მიიღოს.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სასამართლოს მიდგომები ტოვებს მოლოდინს, რომ რამაზ ახვლედიანის მიმართ სამართლიანობის აღდგება და დაკარგულ ქონებას დაიბრუნებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, რამაზ ახლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს იძულებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა – ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. „წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მეექვსე დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა. მოგვიანებით, ჩამორთმეული ქონება რამაზ ახვლედიანის ბიზნეს-პარტნიორს, პირდაპირი მიყიდვის წესით, მამუკა ხაზარაძეს გადაეცა“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. დავის მონაწილეები არიან მამუკა ხაზარაძის ,,ლისი ლეიქ დეველოპმენტი’’, საქართველოს მაშნდელი პრეზიდენტის ადმინისტრაცია და თბილისის მერია.