ამირან გამყრელიძე - თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, რომ კუს ტბაზე ჯგუფურად არ წავიდეთ და ყველამ ერთად არ ვირბინოთ
ამირან გამყრელიძე - თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, რომ კუს ტბაზე ჯგუფურად არ წავიდეთ და ყველამ ერთად არ ვირბინოთ

თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, რომ კუს ტბაზე ჯგუფურად არ წავიდეთ და ყველამ ერთად არ ვირბინოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.

„კუს ტბაზე თუ ლისის ტბაზე თითო-თითოდ თუ ირბენთ, კარგია, მაგრამ თუ ჯგუფურად ირბენთ და თან ისაუბრებთ, ეს არ არის კარგი. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ წესი, რასაც ჯანდაცვის უწყება და იგივე დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. თუ ეს დაცვა არ იქნა, მაშინ, რა თქმა უნდა, საკოორდინაციო საბჭო წესების უფრო გამკაცრებებზე იმსჯელებს, როგორც, მაგალითად, მარნეულსა და ბოლნისში გამკაცრდა საკარანტინო ღონისძიებები. ეს უკვე შემდგომი მსჯელობის საგანია. დაავადებათა კონტროლის ცენტრი რა რეკომენდაციებს იძლევა, მაპატიეთ, მაგრამ ღია ეთერში ამაზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამ განცხადებით ამირან გამყრელიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, შეიძლება თუ არა, საკარანტინო რეჟიმი უფრო გაფართოვდეს, სხვა ქალაქებიც მოიცვას და რამდენად ხედავს დღეს საკარანტინო რეჟიმის გაფართოების საჭიროებას, რომ ის მხოლოდ ბოლნისითა და მარნეულით არ შემოიფარგლოს და მკაცრი შეზღუდვების დაწესება, მაგალითად, დედაქალაქშიც გახდეს საჭირო.