ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი ლისის ტბის საქმეზე დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასა და მამუკა ხაზარაძის დაკითხვას ითხოვენ
ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი ლისის ტბის საქმეზე დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასა და მამუკა ხაზარაძის დაკითხვას ითხოვენ

„ახალგაზრდა ადვოკატების“ თავმჯდომარემ და ბიზნესმენმა რამაზ ახვლედიანმა პროკურატურას წერილობით მიმართეს. მათი განცხადებით, საგამოძიები უწყება პოლიტიკურ გავლენას ექვემდებარება. ისინი ლისის ტბის საქმეზე დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასა და მამუკა ხაზარაძის დაკითხვას ითხოვენ.

რამაზ ახვლედიანის უფლებადამცველის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, პოლიტიკაში ყოფნა იმუნიტეტი არ არის და სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებენ. აღნიშნული საქმე ასევე გაგზავნილია სტრასბურგის სასამართლოში.

„კიდევ ერთხელ მივმართავთ პროკურატურას და მოვითხოვთ რამაზ ახვლედიანის დაზარალებულად ცნობას. საქმეში წარდგენილი ყველა მტკიცებულება მიუთითებს პროკურატურას, რომ დროა შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება საქმეზე მოხდეს. რვა წლის განმავლობაში მამუკა ხაზარაძის ფაქტორიდან გამომდინარე პოლიტიკური ნების არარსებობის პირობებში, რაც გასაკვირია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლის მხრიდან დეკლარირებული სამართლიანობის აღდგენის დაპირების კვალდაკვალ არ ხდება ლისის ტბის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა. მომავალში ვერავითარი პოლიტიკური იმუნიტეტი, რომელიც შეიძლება გააჩნდეს მამუკა ხაზარაძეს, ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს ლისის ტბის წართმევის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაში“, – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი წინა ხელისუფლებას, მისი ყოფილი პარტნიორის მამუკა ხაზარაძის მონაწილეობით ლისის ტბის ჩამორთმევაში სდებს ბრალს. რამაზ ახვლედიანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ყოფილმა ხელისუფლებამ წაართვა ქონება, სახელმწიფომ მამუკა ხაზარაძეს მესამედ ფასში მიჰყიდა ლისის ტბის ტერიტორია.

„2006 წელს ფინანსური პოლიციის მხრიდან ჩემზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მაიძულეს დამეწერა განცხადება და გადამეცა ჩემი ბიზნესი და ქონება სახელმწიფოსთვის, რომელიც ცოტა ხნის შემდეგ პირდაპირი მიყიდვის წესით მიხეილ სააკაშვილმა გადასცა „ლისი ლეიქ დეველოპმენტს”, რომელიც იყო ჩემი პარტნიორების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის. ამის შემდეგ ვცდილობთ დავამტკიცოთ სიმართლე“,- განაცხადა ბიზნესმენმა რამაზ ახვლედიანმა.

ბრალდებებს არ გამოხმაურებიან პროკურატურაში და პარტიაში „ლელო საქართველოსთვის“.