უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი პარლამენტში დღეიდან დაიწყება
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეიდან დაიწყება. კომიტეტი დღეში ორ კანდიდატს გაესაუბრება.
ოპოზიცია უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესს შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევად აფასებს. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი პროცესში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. ოპოზიციის წარმომადგენლების პოზიციას იზიარებენ პარტია „მოქალაქეების“ წევრებიც, თუმცა ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ოპოზიციის პროცესში ჩართულობა აუცილებელია, რათა წარდგენილ კანდიდატებს ოპოზიციამ კრიტიკული კითხვები დაუსვას და საზოგადოებამ მათზე მეტი ინფორმაცია მიიღოს.
„მიმაჩნია, რომ თვითონ ამ პროცესის, მოსამართლეების წარდგენის გაგრძელება ნამდვილად არის შეთანხმების დარღვევა და უნდა შეჩერებულიყო პროცესი, თუმცა მეორე მხრივ, მე, როგორც პარლამენტის წევრს მიმაჩნია, რომ მაქვს ვალდებულება, საზოგადოებას ვაჩვენო, ვინ არიან ეს ადამიანები, ამიტომ მე დავუსვამ კრიტიკულ კითხვებს და შევეცდები, რომ მათ შესახებ მეტი გაიგოს საზოგადოებამ. რაც შეეხება მხარდაჭერას, რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდაჭერა არ ექნებათ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პლენარულ სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტის 111-ე მუხლის – კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის მიხედვით წარიმართება. ანრი ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ გასაუბრების პროცესში ყველა ოპოზიციურ ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფს და უფრაქციო დეპუტატებს მიეცემათ დრო კითხვების დასასმელად, მიუხედავად იმისა, რომ მათმა უმრავლესობამ უარი განაცხადა პროცესში მონაწილეობაზე. მისი თქმით, გასაუბრების პროცესში კითხვების დასმის შესაძლებლობა ასევე ექნებათ არასაპარლამენტო სუბიექტებსაც. კერძოდ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, იურიდიული სამსახურის დირექტორს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენელებს. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პროცესს მონიტორინგს გაუწევენ საქართველოში წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციები.
„ჩვენ ზედმიწევნით დავიცავით ყველა პუნქტი მას შემდგომ, რაც კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. სწორედ ამის შემდგომ გაგრძელდა ეს პროცესი. აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ აუცილებელია ის ვალდებულება, რომელიც აქვს პარლამენტს, რომ მისი ფუნქციები შეასრულოს, ბოლომდე იქნას მიყვანილი, რომ ვინც უარს იტყვის ამ პროცესში მონაწილეობაზე, ის დაარღვევს შარლ მიშელის დოკუმენტს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ცხრა კანდიდატი წარუდგინა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილნი არიან: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.