პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი განახლდება
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი განახლდება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ შერჩევის პროცესი პარლამენტში დღეიდან განახლდება. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, დღეს იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატების დოკუმენტების კანონმდებლობასთან შესაბამისობას დაადგენენ, რის შემდეგაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მესამე ინსტანციის მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცედურებს შეათანხმებენ.

უმრავლესობისგან განსხვავებით, ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ პროცესს არ აქვს სანდოობა. პარტია „გირჩის“ წევრის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, პროცესი ხელს არ შეუწყობს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას, ვინაიდან მმართველი გუნდი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებს სხვადასხვა ჯგუფთან კონსენსუსის გარეშე ამტკიცებს.

„ეს პროცესი იყო თავიდანვე არასწორად წარმართული. არ იყო მიზანი, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა გაუმჯობესდეს. თუ მიზანი არის, რომ საჭირო მოსამართლეებით დაკომპლექტდეს სასამართლო სისტემა და სხვადასხვა ჯგუფის ურთიერთშეთანხმებით, ამის მცდელობაც კი არ ყოფილა „ქართული ოცნების“ მხრიდან. მაშინათვე გასაგებია, რომ ასეთი დანიშვნები კიდევ უფრო დაამძიმებს ვითარებას სასამართლო სისტემაში“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

მმართველ გუნდში პროცესის გამჭვირვალობას უსვამენ ხაზს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურა საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების თანახმად შემუშავდა.

„პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს, თუ რა პროცედურით მოხდება გასაუბრება უზენაესი სასამართლოს კანდიდატებთან. პროცედურა უკვე შემუშავებულია საქართველოს პარლამენტში. არაერთხელ მოხდა ძალიან გამჭვირვალედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის ჩატარება. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, შესაბამისი პროფილური ინსტიტუტების მონაწილეობით და ეს პროცედურა ასევე იქნება განხილული და დამტკიცებული კომიტეტის სხდომაზე“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

იუსტიციის საბჭომ გასაუბრების შედეგად საკანონმდებლო ორგანოში წარსადგენად ოთხი კანდიდატი შეარჩია. თეა ძიმისტარაშვილს, თამარ ოქროპირიძეს, ნინო სანდოძესა და გენადი მაკარიძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მანტიის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებათ.