ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია და ჩვენი ბედისწერა გადაჯაჭვულია, პუტინის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არის აგრესია ჩვენი საერთო ფასეულობების წინააღმდეგ
უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია და ჩვენი ბედისწერა გადაჯაჭვულია. პუტინის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არის აგრესია ჩვენი საერთო ფასეულობების, სუვერენული სახელმწიფოების, დემოკრატიისა და თავისუფლების მოყვარული ხალხის წინააღმდეგ, – ეს განცხადება ვერსალში გამართულ ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა.
ევროკომისიის ყურადღება გაამახვილა ევროპის ენერგოდამოუკიდებლობაზე, რაც მისი თქმით, ევროკავშირის მომავლისა და უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„ჩვენი მორალური ვალდებულებაა, მოვიპოვოთ დამოუკიდებლობა რუსული გაზისგან მარაგის დივერსიფიცირებით, რადგან სტრატეგიული ამოცანაა ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ამაზე დამოკიდებულია ჩვენი დამოუკიდებლობაც და ჩვენი მომავალიც. ჩვენ განვიხილავთ ახალ გეგმას, რათა სამომავლოდ ეს პრობლემა გადავჭრათ. ჩვენი ამოცანაა, გეგმა მომავალი ზამთრისთვის შევიმუშაოთ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ფონ დერ ლაიენმა ასევე განმარტა, რომ ევროპის უსაფრთხოებისთვის ევროკავშირი აქტიურად აგრძელებს მუშაობას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, რომელსაც მან მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და წარმატებული სამხედრო გაერთიანება უწოდა.
„მინდა, ყურადღება გავამახვილო ჩვენს ერთიანობაზე. სანქციების წნეხი არის ეფექტური დარტყმა რუსეთზე. ეს სანქციები მოახდენს რუსეთის იზოლაციას და მას მოუწევს ფასის გადახდა ამ საშინელი ინტერვენციის გამო. ორ მილიონზე მეტ ლტოლვილს გაშლილი ხელებით მიიღებს ევროკავშირი. უკრაინელი ხალხი იმსახურებს ამ მხარდაჭერას და მადლობას ვუხდი ცენტრალური ევროპის ქვეყნებს, სადაც უკვე მიიღეს ლტოლვილების პირველი ნაკადი. წევრი სახელმწიფოები დააფინანსებენ ყველა იმ საჭიროებას, რაც უკრაინელ ლტოლვილებს სჭირდებათ. ამ ხალხმა არნახული სიმამაცე გვაჩვენა, ისინი მტკიცედ იცავენ ევროპულ ღირებულებებს და წევრობის აპლიკაციაც სწორედ იმას გამოხატავს, რომ ამ ქვეყანამ უკვე აირჩია მისი მომავალი. უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.