ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ატომური ენერგეტიკის წინააღმდეგ სანქციები უნდა იყოს გლობალური სანქციების პაკეტის ნაწილი, მაგრამ ახლა ამას გარკვეული წინააღმდეგობა აქვს
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ატომური ენერგეტიკის წინააღმდეგ სანქციები უნდა იყოს გლობალური სანქციების პაკეტის ნაწილი, მაგრამ ახლა ამას გარკვეული წინააღმდეგობა აქვს

რუსეთის ატომური ენერგეტიკის წინააღმდეგ სანქციები უნდა იყოს გლობალური სანქციების პაკეტის ნაწილი, მაგრამ ახლა ამას გარკვეული წინააღმდეგობა აქვს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ძალაში შევიდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ატომურ ენერგეტიკასთან დაკავშირებული 200 ადამიანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა დაისაჯოს რადიაციული შანტაჟისთვის, რისთვისაც ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გამოიყენება.

„ომში, ტერორის უზრუნველყოფასა და აგრესიის დაფინანსებაში ჩართული რუსული სისტემის ყველა ელემენტი უნდა იყოს იზოლირებული მსოფლიო სისტემისგან. ასეც იქნება. ჩვენ უკვე ვემზადებით დაგეგმილი კომუნიკაციებისა და მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ არ შევწყვეტთ დიპლომატიურ მარათონს, რომელიც დავიწყეთ უკრაინის შეიარაღებული და სხვა სახის მხარდაჭერის გასაძლიერებლად. დღეს მე პირადად მინდა, მივესალმო ყველას, ვინც აღადგენს ჩვენი სახელმწიფოს ენერგეტიკულ შესაძლებლობებს. გუშინ და დღეს უკრაინელების უმეტესობას ელექტროენერგია არ გათიშვია. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ იყო შეზღუდვები ზოგიერთ რაიონში, ზოგიერთ ქალაქში, სადაც განადგურების ხარისხი ძალიან დიდია. სამწუხაროდ, შესაძლოა, იყოს ახალი თავდასხმები რუსი ტერორისტების მხრიდან. შეიძლება, იყოს ახალი შეზღუდვები, თუ მეტი განადგურება და გაზრდილი მოხმარება იქნება. მაგრამ დღევანდელი და გუშინდელი დღე კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ერთად მუშაობით და ერთმანეთის დახმარებით უკრაინელები დიდ საქმეებს აკეთებენ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.