ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს, გაიხსნას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს, გაიხსნას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, გაიხსნას გაფართოების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან.

„ათი წლის წინ დაიწყო პროტესტი მაიდანზე. ადამიანები დაიხოცნენ, მათ ცეცხლი გაუხსნეს, რადგან ხელში ეჭირათ ევროკავშირის დროშა და დღეს, ათი წლის შემდეგ, ისტორიული დღე გახლავთ, რადგან კომისია გასცემს რეკომენდაციას, საბჭომ დაიწყოს ევროკავშირის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და გახსნას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში. უკრაინა აგრძელებს გამოწვევებსა და ტრაგედიასთან გამკლავებას. უკრაინელები აქტიურად მუშაობენ ქვეყნის განვითარებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეგზისტენციალური კრიზისისა და ომის წინაშე დგანან. უკრაინაში ვიმყოფებოდი რამდენიმე დღის წინ და მათი მხრიდან საჭირო ნაბიჯების 90 პროცენტი გადაიდგა. ჩვენ ანგარიშში გასულ წელს რეკომენდაციები გავეცით და ძირითადი პროგრესი მიღწეულ იქნა – კონსტიტუციური მიმართულებით, სასამართლო რეფორმების, ანტიკორუფციული, ოლიგარქების ჩართულობის მიმართულებით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ზომები გატარდა ფულის გათეთრების მიმართულებით. რეფორმები ახლაც ტარდება, ხორციელდება და კომისია მხარს უჭერს ამ ყველაფერს. სწორედ ამის საფუძველზე, ჩვენ რეკომენდაციას გავცემთ, რომ საბჭომ დაიწყოს და გახსნას გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები. ასევე, რეკომენდაციას გავცემთ, მიიღოს ჩარჩოდოკუმენტი, როგორც კი უკრაინა გაატარებს ზემოთ ხსენებულ რეფორმებს და ამის შესახებ ჩვენ ანგარიშს 2024 წლის მარტში წარვადგენთ.

საბედნიეროდ, მოლდოვაში არ მიმდინარეობს ომი, მაგრამ დესტაბილიზაცია ნამდვილად თვალსაჩინოა, დემოკრატიას ებრძვიან. ასევე, ისინი იმკიან უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებს. მოლდოვა ნამდვილად იფარებს უკრაინელ ლტოლვილებს, მათ პრობლემები აქვთ ენერგოსექტორის მიმართულებით, შანტაჟის მსხვერპლნი არიან. მიუხედავად ამისა, მოლდოვამ ძალიან დიდი რაოდენობის რეფორმა გაატარა, მაგალითად, სასამართლო რეფორმის მიმართულებით ხელშესახები ნაბიჯები გადადგეს. ებრძვიან კორუფციას და ორგანიზებულ დანაშაულს. შესაბამისად, ეს ნამდვილად ხელშესახები შედეგებია და კომისია რეკომენდაციას გასცემს, გაიხსნას გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები. ზომები გასატარებელია, დასასრულებელია პროცესი, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გავცემთ რეკომენდაციას, შესაბამისად, უკვე საბოლოო სახე მიეცემა ჩარჩოდოკუმენტს და კომისია წარმოადგენს ანგარიშს 2024 წლის მარტში“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

რაც შეეხება ბოსნია-ჰერცეგოვინას, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, როგორც კი დაკმაყოფილდება წევრობის კრიტერიუმები, დაიწყება შემდგომი ნაბიჯების გადადგმა.

„ასევე, საუბარი გახლდათ ბოსნია-ჰერცეგოვინაზე. როგორც კი დაკმაყოფილდება წევრობის კრიტერიუმები, დაიწყება შემდგომი ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ ნამდვილად ვაღიარებთ და ვხედავთ, რომ პოზიტიური, სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგა. მინისტრთა საბჭოს მიმართულებით 2023 წელს ხელშესახები ნაბიჯები გადაიდგა, ასევე პოლიტიკური პარტიები ნათლად გვაჩვენებენ მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. ისინი აქტიურად ებრძვიან ორგანიზებულ დანაშაულს, ტერორიზმს, ფულის გათეთრებას. ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ არაკონსტიტუციური კანონების მიმართულებით. რა თქმა უნდა, ამის გათვალისწინებით, კომისია რეკომენდაციას გასცემს, დაიწყოს გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები, როგორც კი რეალურად დაკმაყოფილდება საჭირო კრიტერიუმები და კომისია პროგრესის შესახებ ანგარიშს 2024 წლის მარტში წარმოადგენს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.