უნივერსიტეტებში ახალი სპეციალობის - სამოქალაქო ინჟინერიის სწავლება დაიწყება 
უნივერსიტეტებში ახალი სპეციალობის - სამოქალაქო ინჟინერიის სწავლება დაიწყება 

უნივერსიტეტებში ახალი სპეციალობის – სამოქალაქო ინჟინერიის სწავლება დაიწყება. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილება ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში უკვე შევიდა.

დღემდე, ქართულ უნივერსიტეტებში მხოლოდ მშენებლობის სპეციალობა ისწავლება და სამოქალაქო ინჟინერია, როგორც კვალიფიკაცია, არ არსებობს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართვის საფუძველზე კი, უმაღლესი განათლების დარგობრივმა საბჭომ საკითხი განიხილა და დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, თამარ სანიკიძის განცხადებით, სამოქალაქო ინჟინერია მშენებლების მომზადებასთან დაკავშირებით სრულიად ახალ მიდგომებს გულისხმობს და ამ კვალიფიკაციის ადამიანი მშენებლობის სპეციალისტისგან განსხვავებული იქნება.

„ამ ახალი სპეციალობის თავისებურებაა, რომ სამოქალაქო ინჟინერიის შემთხვევაში, თანამედროვე ბაზრის მოთხოვნები უფრო მკაფიოდ ფიგურირებს. სამოქალაქო ინჟინერია მოიცავს ზოგადად მშენებლობას, ასევე დაგეგმარებას, პროექტირებას, ტესტირებას, მშენებლობის ხელმძღვანელობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა მშენებლობის მიმართულებისგან“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

მისი განმარტებით, სამოქალაქო ინჟინერია თავისი არსით უფრო სივრცითი მოწყობაა და მასში გათვალისწინებულია ისეთი კომპონენტები, როგორიცაა: ჰიდროტექნიკური მშენებლობა, სატრანსპორტო სისტემები, წყალმომარაგების სისტემები, ინჟინერია.

ამასთან, თამარ სანიკიძის თქმით, მშენებლობის სპეციალიზაციის პრობლემაა, რომ აღნიშნული სპეციალობის კადრების მიმართ ინდუსტრია ინტერესს არ იჩენს. დარგი ვითარდება, ჩნდება ახალ უნარებზე მოთხოვნა, მშენებლობის სპეციალიზაცია კი, ამ გამოწვევებს ვერ პასუხობს.

სამოქალაქო ინჟინერია შეისწავლება, როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურებზე.

სამოქალაქო ინჟინერიის სპეციალობაზე პროგრამები უმაღლესმა სასწავლებლებმა უნდა შეადგინონ და შესაბამისი აკრედიტაცია მოიპოვონ.