ნოდარ პაპუკაშვილი - უმაღლესი განათლების მიმართულებით გამოვყოფ სტუდენტთა მხარდამჭერ ორ გრანდიოზულ პროექტს, სასტიპენდიო პროგრამას და სტუდენტებისთვის დავალიანების ჩამოწერას
ნოდარ პაპუკაშვილი - უმაღლესი განათლების მიმართულებით გამოვყოფ სტუდენტთა მხარდამჭერ ორ გრანდიოზულ პროექტს, სასტიპენდიო პროგრამას და სტუდენტებისთვის დავალიანების ჩამოწერას

უმაღლესი განათლების მიმართულებით გამოვყოფდი სტუდენტთა მხარდამჭერ ორ გრანდიოზულ პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელით განახორციელა, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

„ეს არის სასტიპენდიო პროგრამა. ძალიან ბევრი წელია, ეს არ შეცვლილა და განხორციელდა სტუდენტთა სტიპენდიების გაზრდა. ამისთვის გამოიყო ფულადი რესურსი. მოგეხსენებათ, სტიპენდია იყო 150 ლარი, მისი ოდენობა გაორმაგდა და ახლა არის 300 ლარი. ასევე გაორმაგდა იმ ბენეფიციარ სტუდენტთა რაოდენობა, რომლებიც ამ სტიპენდიას მიიღებენ. 2 500 სტუდენტის ნაცვლად, ახლა სტიპენდიას მიიღებს უკვე 5 000 სტუდენტი. ამავე დროს, ჩვენ შემოვიტანეთ საერთაშორისო სოციალური კომპონენტები, გავიზიარეთ ყველაზე დიდი სასტიპენდიო პროგრამის გამოცდილება, რომელიც არსებობს და ამ მიმართულებით დავადგინეთ სოციალური პაკეტი. ეს აუცილებლად წაახალისებს ჩვენს სტუდენტებს და მოტივირებულს გახდის იმისთვის, რა მიზნითაც ისინი საგანმანათლებლო დაწესებულებაში არიან მისული“, – განაცხადა პაპუკაშვილმა.

მისი თქმით, უმაღლეს განათლებაში განხორციელდა ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი და ამ ეტაპისთვის ერთხელ და სამუდამოდ იქნა გადაჭრილი ე.წ სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხი.

„სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, მის მიერ დაფუძნებულ სახელმწიფო უნივერსიტეტებში დავალიანებები ჩამოეწერა. ამავე დროს, კერძო უნივერსიტეტებთან შეთანხმებით, მთელი რიგი საბაზო პირობების დადგენით და ხელშეკრულებები გაფორმებულია შესაბამისი კომპენსირებით, ისევე, როგორც პრობლემური აქტივების მართვის გამოცდილება არსებობს, შესაბამისი ანაზღაურებით, კერძო სასწავლებლებმა ჩვენს სტუდენტებს ჩამოაწერეს დავალიანება. შესაბამისად, სტუდენტს შეუძლია, მივიდეს დადგენილი პირობებით, ძველი დავალიანების მოუკითხავად აღიდგინოს სტატუსი და გააგრძელოს სწავლა. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც დაახლოებით, ათეულობით მილიონ ლარს შეეხება და საუბარია 30 000 სტუდენტზე, ან ცოტა მეტზე, ვინც ამ ფინანსური მარწუხისგან გათავისუფლდა სახელმწიფოს თანადგომით“, – განაცხადა პაპუკაშვილმა.

როგორც პაპუკაშვილმა აღნიშნა, უმაღლესი განათლების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ინტერნაციონალიზაციის პროცესი.

„სახელმწიფომ ამ პროცესისთვის გამოყო 4 200 000 დოლარის ექვივალენტი ლარში. პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა სექტემბერში. ამ მიმართულებით დაფინანსდა 13 პროექტი და 2 200 00 დოლარის პროექტი კიდევ მოქმედებაშია შესული. ეს მოემსახურება ორმაგი ხარისხის პროგრამის განხორციელებას, საერთაშორისო აკრედიტაციების მიღებას, საერთაშორისო მომზადება-გადამზადებას, კვალიფიკაციების ამაღლებას და ეს არის ის საკითხები, რომლებიც უმაღლესი განათლების სფეროში გარღვევას, ირმის ნახტომს გაგვაკეთებინებს ამ მიმართულებით“, – განაცხადა პაპუკაშვილმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, რამდენიმე წელიწადში აუცილებლად შეიცვლება.

„ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია. მნიშვნელოვანი არის შედეგზე დაფუძნებული დაფინანსება, რომელიც მიბმული იქნება უნივერსიტეტის აკადემიურ და სამეცნიერო შედეგებზე. ამავე დროს, იქნება მისი მხარდამჭერი საინფორმაციო მართვის სისტემა, რომელიც ამ პროცესს საკმაოდ გააადვილებს, საგანმანათლებლო სივრცეში ყველა უმაღლესი დაწესებულების ინტეგრირებას მოახდენს და ამავე დროს, ჩართული იქნება სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები. დღეს არ გვაქვს შედეგი, მაგრამ ამ სისტემური მიდგომებით რამდენიმე წელიწადში ჩვენ გვექნება ისეთი შედეგი, რომელიც უკვე გაიარა ევროპის ბევრმა სახელმწიფომ. ჩვენც ეს გზა უნდა გავიაროთ, აუცილებლად. შეიძლება, მტკივნეული იყოს, მაგრამ ეს გზა გასავლელია და ამ მიმართულებით აუცილებლად გავალთ შედეგზე“, – განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.