უნაღდო ანგარიშსწორებით გაცილებით მეტ ფულს ვხარჯავთ — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ნაღდი ფული 3000 წელზე მეტხანს გვემსახურა — ნიჟარებით დაწყებული, მონეტებითა და ბანკნოტებით დამთავრებული; მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში უკვე ვხედავთ მასშტაბურ გადასვლას ელექტრონულ გადახდებზე.
ახალი კვლევის მიხედვით, უნაღდო ანგარიშსწორება იმაზე მეტს გვახარჯვინებს, ვიდრე აქამდე ვხარჯავდით.
ავსტრალიის ადელაიდის უნივერსიტეტისა და მელბურნის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა 71 კვლევის მეტა-ანალიზი ჩაატარა — შეისწავლეს ხარჯვის ქცევები 17 სხვადასხვა ქვეყანაში.
როგორც ჩანს, ტერმინალზე ტელეფონის ან ბარათის დადება ნაკლებად მკაცრს გვხდის ჩვენი ბიუჯეტის მიმართ, ვიდრე ბანკნოტებით ან მონეტებით გადახდა; ალბათ იმიტომ, რომ ფიზიკურად ვერ ვხედავთ, რამდენს ვიხდით.
„დაგეგმილზე მეტის დახარჯვის თავიდან ასაცილებლად, მომხმარებლებს ვურჩევთ, ბარათების ნაცვლად, სადაც ეს შესაძლებელია, ატარონ ნაღდი ფული, რადგან ის თვითკონტროლის მეთოდის სახით მოქმედებს. ნაღდი ფულის გამოყენებისას, ადამიანები ფიზიკურად ითვლიან და ხელიდან ხელში გადასცემენ ბანკნოტებს და მონეტებს, რითაც ხარჯვის აქტი უფრო თვალსაჩინო ხდება. თუ ფიზიკურად არაფერს აწვდით ხელში, ადვილია დაკარგო კონტროლი იმაზე, თუ რამდენი დახარჯეთ“, — ამბობს ადელაიდის უნივერსიტეტის მარკეტინგის მკვლევარი ლაჩლან შომბურგკი.
მკვლევართა განცხადებით, სხვაობა ხარჯვაში მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო. სხვაობა უფრო დიდი იყო „ყურადღების მისაქცევი მოხმარების“ ხარჯვის შემთხვევაში, რაც ნიშნავს ნივთების ყიდვას სტატუსის ხაზგასმისთვის — მაგალითად, მდიდრული სამკაულების ან ტანსაცმლის.
ეს კავშირი აქამდეც იყო შემჩნეული, მაგრამ არა ასე მასშტაბურად.
ამას გარდა, მკვლევრებმა დაადგინეს ისიც, რომ ნაღდი ფულით გადახდისას მეტნაკლებად იგივე მდგომარეობა იყო შემოწირულობის გაკეთების ან რესტორანში პერსონალისთვის ფულის ჩუქებისას, ვიდრე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში.
ასევე გამოჩნდა კავშირი უფრო პოზიტიურ ეკონომიკურ მდგომარეობასა და უფრო დიდ უნაღდო ეფექტს შორის, თუმცა, დროთა განმავლობაში ეს კავშირი ოდნავ შემცირდა. მეორე მხრივ, მონაცემებში გამოიკვეთა, რომ ინფლაციის დონემ არ იმოქმედა ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით ხარჯვის არჩევანზე.
დაადგინეს ისიც, რომ დროთა განმავლობაში უნაღდო გადახდის ეფექტი შესუსტდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რაც უფრო მეტად გავრცელებული გახდა უნაღდო ანგარიშსწორების მეთოდი, მით ნაკლები გავლენა აქვს მას მომხმარებლებზე. მიჩვევის ეს ეფექტი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან მსოფლიო სწრაფად მიიწევს უნაღდო ანგარიშსწორების გაბატონებისკენ.
ფაქტორი, რომელიც სამომავლო კვლევებში უნდა გახდეს შესწავლის საგანი, არის ის, შეინიშნება თუ არა რაიმე სხვაობა თავად უნაღდო გადახდის მეთოდებს შორის — მაგალითად, საკრედიტო ბარათების შედარება Google Pay ან Apple Pay გადახდებთან.
„უნაღდო ანგარიშსწორების საზოგადოებაში გადასვლა თითქმის გარდაუვალია. მჯერა, რომ ეს კვლევა გადამწყვეტია, რადგან ნათელს ჰფენს ამ გადასვლის გამორჩენილ ასპექტს — როგორ ზემოქმედებს გადახდის მეთოდები ჩვენს ხარჯვით ქცევაზე. ეს კი დაგვეხმარება უფრო ინფორმირებულ შესყიდვის გადაწყვეტილებათა მიღებაში“ — ამბობს შომბურგკი.
კვლევა Journal of Retailing-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია adelaide.edu.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.