გუგა სიხარულიძე - აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებას თავისი ეტაპები აქვს
გუგა სიხარულიძე - აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებას თავისი ეტაპები აქვს

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებას თავისი ეტაპები აქვს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორმა, „სტრესის მართვის და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ფსიქოლოგმა, გუგა სიხარულიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„პირველად, ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ ინტერესის გამო თამაშობს, ან იმიტომ, რომ მის მიკროსოციუმში ეს გავრცელებული ტრენდია. მოგების შემთხვევაში, არის კიდევ მეორე, დაუძლეველი სურვილი, რომ კიდევ მოიგოს. წაგების შემთხვევაში კი, ყალიბდება მექანიზმი, რომ მეორედ შევიდეს და იქნებ, წაგებული თანხა უკან დაიბრუნოს“, – განაცხადა სიხარულიძემ.

მისი თქმით, ეს არის ის ფსიქოლოგიური ჭაობი, რომლიდან ამოსვლა, მოგება და საბოლოო გამარჯვება შეუძლებელია.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იკურნება თუ არა ლუდომანია, ფსიქოლოგმა განაცხადა, რომ ყველაფერი იკურნება, თუმცა, ამისთვის გარკვეული კომპონენტებია საჭირო.

„პირველ რიგში, ეს არის თამაშდამოკიდებული ადამიანის ნება. ეს არ არის ჯანმრთელობის ის პრობლემა, სადაც მხოლოდ და მხოლოდ სპეციალისტი ჩაერევა, ლუდომანიით დაავადებული ადამიანი არ მოინდომებს და პრობლემა რაღაც მედიკამენტით, ან მხოლოდ ფსიქოლოგთან საუბრით მოგვარდება“, – განაცხადა სიხარულიძემ.

როგორც ფსიქოლოგმა აღნიშნა, ყველაზე სერიოზული პრობლემა თამაშდამოკიდებული ადამიანის იმ ეტაპამდე მიყვანაა, რომ მან პრობლემა აღიაროს და ჩარევა სწორედ აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

„პირველ რიგში, ეს ხდება ლუდომანიით დაავადებული ადამიანის და მისი ოჯახის წევრების ინფორმირებით. როცა რაღაც პრობლემას უარვყოფთ, ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ ვგრძნობთ, რადგან რაღაც დაავადება გვაქვს, სუსტები ვართ. ანუ, ეს დაკავშირებულია სირცხვილთან და სტიგმასთან, რომელიც განსაკუთრებულად მძაფრადაა გამოვლენილი ფსიქოლოგიური პრობლემების შემთხვევაში, როცა ადამიანებს ყველაზე მეტად უჭირთ ხოლმე, რომ გარკვეული ფსიქოლოგიური ხარვეზები და პრობლემები აღიარონ. ზუსტად აქ არის საჭირო საინფორმაციო მუშაობა, რომ ფსიქოლოგიური პრობლემა, მათ შორის, ლუდომანია, სირცხვილი და ჩვენი სისუსტე არ არის, რომ ეს არის ჩვეულებრივი დაავადება“, – განაცხადა სიხარულიძემ. 

ფსიქოლოგის თქმით, ეს არის ის მექანიზმი, როცა შეიძლება, ადამიანმა რუბიკონი და სტიგმა გადალახოს, პრობლემა პირველ რიგში, თავის თავში აღიაროს, შემდეგ ამის შესახებ ოჯახის წევრებს უთხრას და მერე ნაბიჯები გადადგას.

შეკითხვაზე, იქნება თუ არა დაცული თამაშდამოკიდებული ადამიანების კონფიდენციალობა ფსიქოლოგისთვის მიმართვის შემთხვევაში, გუგა სიხარულიძემ განაცხადა, რომ ნებისმიერი სამედიცინო მომსახურება სრულიად კონფიდენციალურია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფსიქოლოგიურ პრობლემებზეა საუბარი.

„მათ უნდა მიმართონ ფსიქოლოგს, ან ფსიქიატრს. ეს არის პრობლემა, რომელსაც კომპლექსური მკურნალობა სჭირდება. აქ საჭიროა არა მხოლოდ სამკურნალო ღონისძიებები, არამედ სამუშაოა ოჯახის წევრებთან, რომ ისინიც მობილიზებული და ჩართული იყვნენ, რათა ერთობლივი ძალისხმევით ავამაღლოთ საბოლოოდ გამოჯანმრთელების ეფექტურობა“, – განაცხადა გუგა სიხარულიძემ.

დატოვე კომენტარი