მას შემდეგ, რაც სამი წლის წინ ChatGPT გამოჩნდა, ფართო განხილვის საგანი გახდა, თუ რა გავლენას ახდენს სწავლაზე ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები (AI). პერსონალიზებული განათლების მოხერხებული ინსტრუმენტია თუ აკადემიური არაკეთილსინდისიერებისკენ მიმავალი გზა?
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაჩნდა შეშფოთება იმის შესახებ, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მიგვიყვანს ფართოდ გავრცელებულ „დამუნჯებასთან“, ანუ კრიტიკული აზროვნების უნარის შესუსტებასთან. ირწმუნებიან, რომ თუ სტუდენტები AI ხელსაწყოებს ზედმეტად ადრე გამოიყენებენ, შეიძლება ვერ განუვითარდეთ კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის საბაზისო უნარები.
არის თუ არა მართლაც ასე? მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, ნამდვილად ასე ჩანს. მკვლევართა განცხადებით, ChatGPT-ის გამოყენებით ესების წერამ შეიძლება გამოიწვიოს „კოგნიტური ვალი“ და „სასწავლო უნარების სავარაუდო შემცირება“.
კონკრეტულად რა დაადგინა კვლევამ?
განსხვავება ხელოვნური ინტელექტისა და მხოლოდ ტვინის გამოყენებას შორის
ოთხი თვის განმავლობაში, მასაჩუსესტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ჯგუფმა 54 ზრდასრულს სთხოვა, სამი ესეს სერია დაწერა ხელოვნური ინტელექტის (ChatGPT), საძიებო ძრავის ან საკუთარი ტვინის („მხოლოდ ტვინის“ ჯგუფი) გამოყენებით. კოგნიტური ჩართულობა ჯგუფმა გაზომა თავის ტვინში ელექტრული აქტივობის შესწავლითა ესეების ლინგვისტური ანალიზით.
ვინც ხელოვნურ ინტელექტს იყენებდა, მათი კოგნიტური ჩართულობა მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე დანარჩენი ორი ჯგუფის. ამ ჯგუფს ასევე უჭირდა ციტატების გახსენება თავიანთ ესებიდან და დაბალი ჰქონდათ მათ მიმართ საკუთრების აღქმა.
საინტერესოა, რომ მონაწილეებმა ბოლო, მეოთხე ესეში როლები გაცვალეს (მხოლოდ ტვინის ჯგუფმა AI გამოიყენა და პირიქით). AI-დან ტვინზე გადასულმა ჯგუფმა დავალება ყველაზე ცუდად შეასრულა და ჰქონდა ჩართულობა, რომელიც ოდნავ უკეთესი იყო ვიდრე სხვა ჯგუფებისა პირველი სესიისას — გაცილებით დაბალი ჩართულობა, ვიდრე მხოლოდ ტვინის ჯგუფს ჰქონდა მესამე სესიისას.
ავტორები ირწმუნებიან, რომ ასეთი შედეგები წარმოაჩენს, როგორ მიიყვანა AI-ს გახანგრძლივებულმა გამოყენებამ მონაწილეები „კოგნიტური ვალის“ დაგროვებასთან. როცა მათ საბოლოოდ მიეცათ საკუთარი ტვინის გამოყენების შესაძლებლობა, ვერ შეძლეს ისე კარგად ჩართულობა და დავალების შესრულება, როგორც დანარჩენმა ორმა ჯგუფმა.
ავტორები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ 18 მონაწილემ (ექვსი თითო პირობაზე) დაასრულა მეოთხე, საბოლოო სესია. შესაბამისად, შედეგები პირველადია და შემდგომ შემოწმებას საჭიროებს.
ნიშნავს თუ არა ასეთი შედეგები იმას, რომ ხელოვნური ინტელექტი გვასულელებს?
შედეგები არ ნიშნავს იმას, რომ სტუდენტებს, რომლებიც AI-ს იყენებენ, აუცილებლად უგროვდებათ „კოგნიტური ვალი“.უფრო შეიძლება ითქვას, რომ შედეგების მიზეზია კვლევის კონკრეტული დიზაინი.
პირველი სამი სესიისას მხოლოდ ტვინის ჯგუფში ცვლილება ნერვულ კავშირში სავარაუდოდ გამოწვეული იყო იმით, რომ მათ უკეთ გაიცნეს კვლევის ამოცანა — ფენომენი, რომელსაც ფამილიარიზაციის ეფექტი ეწოდება.
როდესაც კვლევის მონაწილეები იმეორებენ დავალებას, უფრო ნაცნობები და ეფექტიანები ხდებიან, ამის შესაბამისად ერგება მათი კოგნიტური სტრატეგიაც.
როდესაც AI-ს ჯგუფმა საკუთარი ტვინის გამოყენება დაიწყო, დავალება მათ ერთხელ შეასრულეს. შედეგად, არ შეეძლოთ დამთხვეოდნენ სხვა ჯგუფების გამოცდილებას. მათ ოდნავ უკეთეს ჩართულობას მიაღწიეს, ვიდრე მხოლოდ ტვინის ჯგუფმა პირველ სესიაში.
იმისათვის, რათა მკვლევართა პრეტენზიები სრულად შეფასდეს, საჭიროა, რომ AI-დან ტვინზე გადასულ მონაწილეებს ასევე შეესრულებინათ წერის სამი სესია AI-ს გარეშე.
ასევე, ის ფაქტი, რომ ტვინიდან AI-ზე გადასული ჯგუფი ChatGPT-ს უფრო პროდუქტიულად და სტრატეგიულად იყენებდა, სავარაუდოდ განპირობებულია მეოთხე წერითი დავალების ბუნებით, რაც მოითხოვდა წინა სამი თემიდან ერთ-ერთზე ესეს დაწერას.
ვინაიდან AI-ს გარეშე წერა უფრო არსებით ჩართულობას მოითხოვდა, ისინი უკეთესად იხსენებდნენ, რა დაწერეს წარსულში. შედეგად, ისინი ხელოვნურ ინტელექტს ძირითადად იყენებდნენ ახალი ინფორმაციის მოსაძებნად და წინათ დაწერილის დასახვეწად.
რა გავლენას ახდენს ხელოვნური ინტელექტი შეფასებაზე?
AI-სთან მიმართებაში ამჟამინდელი სიტუაციის გასაგებად, შეგვიძლია გავიხედოთ წარსულში, იმ პერიოდში, როცა პირველად გამოჩნდა კალკულატორები.
1970-იან წლებში, მათი გავლენა დაარეგულირეს გამოცდების გაცილებით გართულებით. ხელით დაანგარიშების ნაცვლად, სტუდენტებისგან მოელოდნენ კალკულატორების გამოყენებას და თავიანთი კოგნიტური ძალისხმევის უფრო რთულ ამოცანებზე დახარჯვას.
ფაქტობრივად, სტანდარტი მნიშვნელოვნად ამაღლდა, რამაც სტუდენტების სამუშაო იმაზე მეტად გაართულა, ვიდრე კალკულატორამდე იყო.
AI-სთან მიმართებაში გამოწვევა ისაა, რომ უმეტესწილად, პედაგოგებმა სტანდარტები არ აამაღლეს ისე, რაც ხელოვნურ ინტელექტს პროცესის აუცილებელ ნაწილს გახდიდა. მასწავლებლები მოსწავლეებს იმავე დავალებების შესრულებას სთხოვენ და მუშაობის იმავე სტანდარტებს მოელიან, რასაც ხუთი წლის წინ.
ასეთ სიტუაციებში, AI შეიძლება მართლაც გადამწყვეტი იყოს. უმეტესწილად, მოსწავლეებს შეუძლიათ სწავლასთან დაკავშირებული კრიტიკული ჩართულობა ხელოვნური ინტელექტით შეამსუბუქონ, რაც განაპირობებს „მეტაკოგნიტურ სიზარმაცეს“.
თუმცა, კალკულატორის მსგავსად, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია და უნდა დაგვეხმაროს აქამდე შეუძლებელ ამოცანათა შესრულებაში — რომლებიც კვლავ მნიშვნელოვან ჩართულობას მოითხოვს. მაგალითად, შეგვიძლია მოსწავლეებს ვთხოვოთ, ხელოვნური ინტელექტი გამოიყენონ გაკვეთილის დეტალური გეგმის შესადგენად, რომლებიც შემდეგ ზეპირ გამოცდაზე შეფასდება ხარისხისა და პედაგოგიური სისწორის მიხედვით.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კვლევაში, მონაწილეები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებდნენ, „იგივე ძველ“ ესეებს წერდნენ. მათ თავიანთ ჩართულობა შეცვალეს, რათა მიეღოთ სამუშაოს ის სტანდარტი, რომელსაც მათგან ელოდნენ.
იგივე უნდა მოხდეს, თუკი მოსწავლეებს მოსთხოვენ კომპლექსურ გაანგარიშებებს კალკულატორის გარეშე. ჯგუფი, რომელიც ხელით იანგარიშებს „ოფლში გაიწურება“, კალკულატორის გამომყენებელი ჯგუფი კი ამას თვალის დახამხამებაში მოახერხებს.
ისწავლეთ, როგორ გამოიყენოთ ხელოვნური ინტელექტი
საჭიროა, რომ ამჟამინდელ და მომავალ თაობებს შეეძლო კრიტიკულად და შემოქმედებითად აზროვნება, პრობლემების გადაჭრა. თუმცა, AI ამ ყველაფრის მნიშვნელობას ცვლის.
კალმით ესეების წერა დღეს უკვე აღარ არის კრიტიკული აზროვნების დემონსტრირების საშუალება, როგორც გრძელი გაყოფის შესრულება აღარ ითვლება რიცხვითი უნარების დემონსტრირებად.
იცოდეთ როდის, სად და როგორ გამოიყენოთ ხელოვნური ინტელექტი — გადამწყვეტია გრძელვადიანი წარმატებისა და უნარების განვითარებისთვის. მოახდინეთ პრიორიტეტიზაცია, რომელი დავალება შეასრულოთ ხელოვნური ინტელექტით, რათა შეამციროთ კოგნიტური ვალი — ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც იმის გაგება, თუ რომელი ამოცანები მოითხოვს ნამდვილ კრეატიულობას და კრიტიკულ აზროვნებას.
კვლევა ხელმისაწვდომია სერვერზე arxiv.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.