მარინა კაჭარავა - ბავშვებს არ ვასწავლით აგრესიის სწორად მიმართვას და გაბრაზების შემთხვევაში ალტერნატიულ გზებს
მარინა კაჭარავა - ბავშვებს არ ვასწავლით აგრესიის სწორად მიმართვას და გაბრაზების შემთხვევაში ალტერნატიულ გზებს

ჩვენ ბავშვებს არ ვასწავლით აგრესიის სწორად მიმართვას, – ამის შესახებ ფსიქოლოგმა, მარინა კაჭარავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ზოგადად, აგრესია არის ემოცია, რომელიც არის ძალიან საჭირო. ეს არის ძალიან დიდი ენერგეტიკა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რაში მიმართავს ადამიანი. ჩვენ ბავშვებს არ ვასწავლით ალტერნატიულ გზებს, გაბრაზების შემთხვევაში, როგორ შეიძლება, ამ მდგომარეობიდან გამოვიდნენ. ამას არ ასწავლის ოჯახი და არ ასწავლის სკოლა“, – განაცხადა კაჭარავამ.

მისი თქმით, აგრესიით, რომელიც თუნდაც, სოციალურ მედიაში იღვრება, აგრესიული ქცევის წახალისება ხდება.

„ხდება აგრესიული ქცევის წახალისება, კასკადირება და მთლიანად ერთმანეთზე გადასვლა, ამ ქცევის კოპირება, გადატანა და დასწავლა“, – განაცხადა კაჭარავამ. 

ფსიქოლოგმა ასევე აღნიშნა, რომ ყველაზე მთავარი არის მორალი, აკრძალვათა ერთობლიობა, რაც ადამიანს ცხოველისგან განასხვავებს და მნიშვნელოვანია, ეს ჩვენ თვითონ გავასიგრძეგანოთ და ბავშვებსაც ვასწავლოთ.

მისივე თქმით, ბავშვი მაგალითით სწავლობს და თუ ოჯახში სულ ჩხუბი, გარჩევები და გაუგებრობაა, ეზოში ეს არის, ბაღში ეს არის და სკოლაში ეს არის, ბუნებრივია, ბავშვი ამას სწავლობს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა პრაქტიკულ რჩევებს მისცემს მშობლებს, მარინა კაჭარავამ აღნიშნა, რომ მშობლებმა მაქსიმალურად უნდა აკონტროლონ ის სივრცე, სადაც ბავშვები არიან, მაგრამ ეს მეგობრობით უნდა მოხდეს.

„მე თუ ამას ვიტყოდი, არ მეგონა, მაგრამ დღეს ვამბობ. მაშინ, როდესაც იყო ეს „ლურჯი ვეშაპი“, ეს კიბერბულინგი, დაშანტაჟება შიშველი ფოტოებით და ხდება მოზარდების თვითმკვლელობამდე მიყვანა, დიახ, მშობლებს ვეუბნები, რომ მაქსიმალურად აკონტროლონ ის სივრცე, სადაც ბავშვები არიან, მაგრამ მეორე მხრივ, ბავშვისთვის ძალიან შეურაცხმყოფელია, წაიკითხო მისი დღიური, შეხვიდე მის სივრცეში და დაურღვიო ეს სივრცე. ეს უკიდურესად მეგობრობით უნდა მოხდეს. ჩვენ ყველანაირად უნდა მოვიცალოთ ჩვენი შვილებისთვის. ყოველდღე ნახევარი საათიც კი საკმარისია, მშობელი ბავშვთან ერთად იატაკზე დაჯდეს და მასთან ერთად ითამაშოს. ეს ნახევარი საათი ჩვენ არ გვაქვს. შეიძლება, მე ხახვს ვჭრიდე, საჭმელს ვაკეთებდე, ან ტელევიზორს ვუყურებდე და ბავშვი იქვე იყოს, მაგრამ ეს ბავშვთან ყოფნად არ ითვლება“, – განაცხადა ფსიქოლოგმა.