დანიელ ჰაგარი - ალ-შიფას საავადმყოფოს პერსონალმა ითხოვა, ხვალ დავეხმაროთ ბავშვების უფრო უსაფრთხო საავადმყოფოში გადაყვანაში, ჩვენ აღმოვუჩენთ საჭირო დახმარებას
დანიელ ჰაგარი - ალ-შიფას საავადმყოფოს პერსონალმა ითხოვა, ხვალ დავეხმაროთ ბავშვების უფრო უსაფრთხო საავადმყოფოში გადაყვანაში, ჩვენ აღმოვუჩენთ საჭირო დახმარებას

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფოს პერსონალს საავადმყოფოდან ბავშვების ევაკუაციაში დაეხმარებიან. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჰოსპიტალის ადმინისტრაციის თხოვნის საპასუხოდ მიიღეს.

როგორც ჰაგარიმ აღნიშნა, ბავშვების ევაკუაცია უფრო უსაფრთხო საავადმყოფოებში ხვალ განხორციელდება.

„ჩვენ პირდაპირ და რეგულარულად ვესაუბრებით ჰოსპიტალის პერსონალს. ალ-შიფას საავადმყოფოს პერსონალმა ითხოვა, რომ ხვალ დავეხმაროთ პედიატრიულ განყოფილებიდან ბავშვების უფრო უსაფრთხო საავადმყოფოში გადაყვანაში. ჩვენ აღმოვუჩენთ საჭირო დახმარებას“, – განაცხადა ჰაგარიმ.

ალ-შიფა ქალაქ ღაზის უმსხვილესი საავადმყოფოა. მის მახლობლად საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. მანამდე ექიმთა ჯგუფმა განაცხადა, რომ საავადმყოფოში ელექტროენერგიის გათიშვის გამო გარდაიცვალა ორი დღენაკლული ჩვილი. მედიკოსთა განცხადებით, საავადმყოფოში დარჩენილი 37 დღენაკლული ჩვილის სიცოცხლეც ასევე საფრთხეშია.

ისრაელის არმია უარყოფს, რომ ცეცხლი გაუხსნეს საავადმყოფოს, თუმცა აცხადებენ, რომ ისრაელის ძალები ჩართული არიან საბრძოლო მოქმედებებში სამედიცინო დაწესებულების სიახლოვეს. ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, „ჰამასს“ საავადმყოფოების ქვეშ გვირაბების ქსელი აქვს მოწყობილი და დაჯგუფება მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს.