უკრაინული ტელეკომპანიის წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის მუხლით საქმე აღიძრა
უკრაინული ტელეკომპანიის წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის მუხლით საქმე აღიძრა

უკრაინულ ტელეკომპანიას სახელმწიფოს ღალატში დასდეს ბრალი. როგორც უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, ტელეკომპანია „ნიუს ვანი“ ტელეხიდის გამართვას იმ რუსულ არხთან აპირებდა, რომლის წინააღმდეგაც უკრაინაში სანქციები მოქმედებს.

იური ლუცენკოს უწყებამ ტელეკომპანიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო ღალატის მუხლით უკვე აღძრა. მისივე თქმით, ტელეხიდის ორგანიზატორები საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე დაიბარეს. კერძოდ, ჩვენების მიცემა მოუწევს ტელეარხის მფლობელს და ტელეხიდის წამყვანს.

ამასთან, ლუცენკოს თქმით, იგეგმება სასამართლოსთვის მიმართვა, რათა ტელეკომპანიის აქტივები დააყადაღონ.

უკრაინის გენერალური პროკურორის თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უახლოეს ხანში უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის ეროვნულის საბჭოს სხდომა გაიმართება.

ლუცენკო ტელეკომპანიას ლიცენზიისა და რადიოსიხშირს ჩამორთმევით დაემუქრა.

რუსეთსა და უკრაინას შორის ტელეხიდის ორგანიზების გეგმების გამო, კიევში, ტელეკომპანია „ნიუ ვანის“ ოფისთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა. ტელეხიდის წამყვანები მარია სიტელი და რუსი ტელეწამყვანი ანდრეი მალახოვი უნდა ყოფილიყვნენ. ტელემარათონის სახელწოდება „საჭიროა ვისაუბროთ“ უნდა ყოფილიყო, თუმცა ტელეკომპანიამ ტელეხიდის გამართვა გადაიფიქრა და ამის მიზეზად არხმა ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარები დაასახელა.