უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო აშშ-ის საელჩოს ბრალდებებს უყენებს
უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო აშშ-ის საელჩოს ბრალდებებს უყენებს

უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო აცხადებს, რომ აშშ-ის ელჩმა კიევში მას გადასცა იმ პირთა სია, რომელთა სასამართლო დევნა არ შეიძლება.

ამის შესახებ იური ლუცენკომ ამერიკულ გამოცემა „ჰილთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ლუცენკოს მტკიცებით, ამერიკული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა მარი იოვანოვიჩმა მას ე.წ. ხელშეუხებელთა სია გადასცა. მოგვიანებით, უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა ლარისა სარგანმა განმარტა, რომ ელჩის მიერ მიწოდებულ სიაში უკრაინის რადას დეპუტატები ფიგურირებდნენ.

უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებას უკვე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელმაც აღნიშნულ განცხადებას სიცრუე უწოდა.

ამასთან, უკრაინაში აშშ-ის საელჩოში განაცხადეს, რომ ლუცენკოს სიტყვები „ხელშეუხებელთა სიის“ შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. დიპლომატიურ მისიაში აღნიშნავენ, რომ გენერალური პროკურორის სიტყვები მარი იოვანოვიჩის რეპუტაციის შელახვას ემსახურება.

როგორც გამოცემა „ჰილთან“ ინტერვიუში ლუცენკომ განაცხადა, „ხელშეუხებელთა სიის“ გადაცემით აშშ-ის საელჩო ცდილობდა, ხელი შეეშალა უკრაინაში დაწყებული გამოძიებისთვის, რომელიც აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ეხება. საუბარია დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, პიარტექნოლოგის პოლ მანაფორტის უკრაინაში მუშაობის პერიოდთან დაკავშირებული დოკუმენტების ინტერნეტში გაჟონვაზე.

უკრაინული გამოძიება ვარაუდობს, რომ უკრაინის ძალოვანმა უწყებებმა განზრახ გაავრცელეს მანაფორტის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები, რათა აშშ-ის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიაზე დემოკრატიული პარტიის კანდიდატის ჰილარი კლინტონის სასარგებლოდ მოეხდინათ გავლენა. ლუცენკომ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მან ელჩის მიერ სიის გადაცემას მიუღებელი უწოდა.

„მე ვუპასუხე, რომ ეს მიუღებელია. ვერავინ ჩვენს ქვეყანაში, იქნება ეს ჩვენი პრეზიდენტი თუ ჩვენი პარლამენტი, ვერ შემაჩერებს სასამართლო ქმედებებისგან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში”, – განაცხადა ლუცენკომ „ჰილთან“ ინტერვიუში.

იური ლუცენკოს განცხადებით, უკრაინის გენერალური პროკურატურა იძიებს, იყო თუ არა 2016 წელს პოლ მანაფორტის შესახებ მონაცემების გაჟონვა უკრაინელი სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი განზრახ ქმედება.

2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ამერიკულ მედიაში ე.წ. შავი ბუღალტერიის დოკუმენტების გავრცელება დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობიდან პოლ მანაფორტის გადადგომის მიზეზი და რობერტ მიულერის გამოძიების ნაწილი გახდა. დოკუმენტების თანახმად, პოლ მანაფორტი 2007-2012 წლებში უკრაინის მაშინდელი პრორუსი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიის“ პიარტექნოლოგად მუშაობდა და ამ პერიოდში მიღებული ჰქონდა 12,7 მილიონი დოლარი.

„თუ უკრაინის სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებმა, რომლებიც ხშირად მუშაობდნენ აშშ-ის საელჩოსთან, ნამდვილად გაავრცელეს მანაფორტის დოკუმენტები და ამით ჰილარი კლინტონის სასარგებლოდ ამერიკულ არჩევნებზე გავლენის მოხდენა სცადეს, საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს, ვინ, რა და როდის იცოდა ამის შესახებ”, – ნათქვამია „ჰილის“ სტატიაში.

პოლ მანაფორტი აშშ-ის სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის ხელმძღვანელობით მიმდინარე გამოძიების საქმის ფიგურანტია. გამოძიება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევასა და დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის მოსკოვთან შესაძლო კონტაქტებს ეხება.

გასულ კვირას პოლ მანაფორტს 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის ნიუ იორკის საოლქო სასამართლომ ფინანსურ დარღვევებში, ფარულ უკანონო ლობირებასა და მოწმეზე ზეწოლაში ცნო დამნაშავედ.

ბრალდების ერთ-ერთი ნაწილი უკავშირდება მანაფორტის უკრაინაში მუშაობის პერიოდს, როდესაც ის ვიქტორ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიასთან” თანამშრომლობდა. განაჩენის გამოტანისას მანაფორტმა განაცხადა, რომ ჩადენილი დანაშაულისთვის წუხს. მას ასევე ჯარიმის სახით სასამართლომ ექვსი მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.