უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი - აშშ-ის ელჩი უკრაინის სამართალდამცავი სისტემის გაკონტროლებას ცდილობდა
უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი - აშშ-ის ელჩი უკრაინის სამართალდამცავი სისტემის გაკონტროლებას ცდილობდა

უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი იური ლუცენკო აცხადებს, რომ უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი მარი იოვანოვიჩი უკრაინის სამართალდამცავი სისტემის გაკონტროლებას ცდილობდა. ამის შესახებ ლუცენკომ „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოფიციალურად აღძრული საქმის ფარგლებში და უკრაინის სასმართლოს ნებართვით, დავადგინეთ, რომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო პროცესუალურ დოკუმენტაციას აშშ-ის საელჩოს აწვდიდა. ისინი აშშ-ის საელჩოს გადასცემენ ინფორმაციას საგამოძიებო მოქმედებებისა და სისხლის სამართლის საქმეების შესახებ. მათ შორის არის კომპანია „ბურისმას“ საქმე“, – განაცხადა იური ლუცენკომ.

ლუცენკო ამტკიცებს, რომ უკრაინაში აშშ-ის საელჩომ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის წინააღმდეგ იგეგმება გამოძიების დაწყება.

„ჩემი პოზიციაა, რომ საელჩოს სურდა, გენერალური პროკურატურისა და ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობა ეკონტროლებინა“, – განაცხადა ლუცენკომ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ლუცენკომ უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი, მარი იოვანოვიჩი კონგრესში ჩვენების მიცემისას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. კერძოდ, ლუცენკომ განაცხადა, რომ ამერიკელი დიპლომატი უკრაინის მთავრობისგან კონკრეტული პირების „ხელშეუხებლობის გარანტიას“ ითხოვდა, შემდეგ კი ეს ინფორმაცია კონგრესში უარყო.

დატოვე კომენტარი