„ფაინენშალ თაიმსი“ – უკრაინისთვის „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების 60-მდე რაკეტის გადაცემა პიტ ჰეგსეტის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურების გამო ფერხდება

16:48, 24.11.2026

აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადასაცემად შეთანხმებული „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების დაახლოებით 60 რაკეტა კვლავ პენტაგონის თანხმობას ელოდება. მათ შორისაა ევროპული ქვეყნების არსენალებში არსებული რაკეტებიც. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, აშშ-ში შემუშავებული და წარმოებული PAC-3 და PAC-2 ტიპის რაკეტების გადაცემა, რომელთა საფასურსაც უკრაინის დასავლელი მოკავშირეები იხდიან, აშშ-ის ომის მდივნის, პიტ ჰეგსეტის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურების გამო ფერხდება.

„პეტრიოტის“ რაკეტები ამერიკული წარმოებისაა, შესაბამისად, მათი ექსპორტისა და რეექსპორტისთვის, მათ შორის ევროპული მარაგებიდან უკრაინისთვის გადაცემის შემთხვევაშიც, ვაშინგტონის თანხმობაა საჭირო.

როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, „პეტრიოტის“ რაკეტების გადაცემის შეფერხება იმ დროს ხდება, როდესაც, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, უკრაინა რუსული საჰაერო დარტყმების გაძლიერებასა და ქალაქებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას აწყდება.

უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, „პეტრიოტის“ ცარიელი გამშვები დანადგარები ნიშნავს, რომ რუსეთის მიერ გაშვებული თითქმის ყველა ბალისტიკური რაკეტა უკრაინის ტერიტორიაზე სამიზნეს აღწევს.

PAC-3 ტიპის რაკეტებიდან, რომლებიც უკრაინისთვის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიან თავდაცვით საშუალებად მიიჩნევა, 8 ერთეული უკრაინას სექტემბერში უნდა მიეღო, ოქტომბერსა და ნოემბერში – 10-10, ხოლო დეკემბერში დამატებით 12 რაკეტის მიწოდება იყო დაგეგმილი. თუმცა, წყაროების ინფორმაციით, ამ ოთხი პარტიიდან არცერთის გადაცემაზე ნებართვა ჯერ არ გაცემულა.

ამასთან, უკრაინისთვის დამატებით დაახლოებით 20 PAC-2 ტიპის რაკეტაც არის გამოყოფილი, თუმცა მათი გადაცემაც შესაბამის ნებართვას ელოდება. PAC-2 უფრო ძველი მოდელია.

მედიის კითხვაზე, რატომ ფერხდება რაკეტების გადაცემა, პენტაგონში მხოლოდ ის განაცხადეს, რომ უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ომის დეპარტამენტის პოლიტიკაში არაფერი შეცვლილა.

პარალელურად, უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, პენტაგონში ფერხდება ცალკე პროცესიც, რომლის მიზანიც უკრაინისთვის საკუთარი წარმოების „პეტრიოტის“ რაკეტების შექმნის ნებართვის მიცემაა.

მსგავსი