სლოვაკეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ მცხოვრებ სლოვაკებს არჩევნებში ფოსტით ხმის მიცემა აღარ შეეძლებათ
სლოვაკეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, საზღვარგარეთ მცხოვრებ სლოვაკებს არჩევნებში ფოსტით ხმის მიცემა აღარ შეეძლებათ.
„ესოშიეითიდ პრესის“ ინფორმაციით, ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, ემიგრანტებს ხმის მიცემა მხოლოდ საელჩოებში შეეძლებათ, მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 71. იმისთვის, რომ პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი ძალაში შევიდეს, საჭიროა სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინმა ცვლილებას ხელი მოაწეროს.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს თქმით, კანონის შეცვლა მიზნად თაღლითობისა და მანიპულაციების თავიდან აცილებას ისახავს.
ოპოზიცია კი თვლის, რომ ახალი ცვლილება პროევროპელ ამომრჩევლებზეა გათვლილი და ათიათასობით სლოვაკს ხმის მიცემის გარეშე დატოვებს.
ცნობისთვის, 2023 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ფოსტით ხმის მიცემის უფლებით, დაახლოებით, 59 000 სკოვაკმა ისარგებლა. მოქმედი პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს პარტიამ კი ემიგრანტებისგან ხმების 6.1% მიიღო, ოპოზიციურმა ჯგუფებმა კი 80%-ზე მეტი.