უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი იური ლუცენკო ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებს, ფრონტზე დაღუპული მებრძოლების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროონ
უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორი იური ლუცენკო ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებს, ფრონტზე დაღუპული მებრძოლების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროონ

უკრაინის შეიარაღებული ძალები თვეში 30 000 ადამიანს კარგავენ, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ლუცენკოს თქმით, უკრაინული მხარე ყოველთვიურად 30 000 მებრძოლს კარგავს და „უკრაინელები იმსახურებენ სიმართლის ცოდნას“.

უკრაინის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ უკრაინელებმა უნდა იცოდნენ სიმართლე ფრონტზე არსებული რეალური მდგომარეობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მილიონობით მოქალაქის „კომფორტის ზონიდან გამოყვანა ვერ მოხერხდება“.

იური ლუცენკომ მოუწოდა ხელისუფლებას, გამოაცხადონ დაღუპული მებრძოლების რეალური რაოდენობა, რომელსაც, მისი თქმით, მალავენ.

„გულწრფელად უნდა ვთქვათ, ის 500 ათასი, რაზეც ახლა საუბრობენ, თვეებად რომ გაიყოს, თვეში 30 ათასია. შემდეგ კი ჩვენ დაახლოებით გავიგებთ, რა ხდება ფრონტზე, მოკლულებისა და მძიმედ დაჭრილების შესახებ. ხალხს სჭირდება და სიმართლე გითხრათ, დარწმუნებული ვარ, უკრაინელები იმსახურებენ ამ სიმართლეს“, – განაცხადა ლუცენკომ.

ლუცენკომ მიმართა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელს, რუსტემ უმეროვსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის და აღნიშნა, რომ სწორედ მაღალი თანამდებობის პირებმა უნდა მიაწოდონ ინფორმაცია უკრაინელებს მობილიზაციის ახალი კანონის აუცილებლობის შესახებ.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, ზელენსკის, ზალუჟნისა და უმეროვს არ სურთ რეალური დანაკარგების გამოცხადება, რადგან უკრაინელებს გაუჭირდებათ ამ ინფორმაციის მიღება. თუმცა, ლუცენკო დარწმუნებულია, რომ მწარე სიმართლე იქნება ოპტიმალური გამოსავალი.