უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ჯარებმა უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მიწების დაახლოებით 22 პროცენტი დაიკავეს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ჯარებმა უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მიწების დაახლოებით 22 პროცენტი დაიკავეს

რუსულმა ჯარებმა უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მიწების დაახლოებით 22 პროცენტი დაიკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, NASA Harvest-ის სატელიტური სურათების ანალიზმა აჩვენა, რომ რუსეთის კონტროლქვეშ არის მინდვრები, სადაც ითესება ზამთრის 28 პროცენტი და საგაზაფხულო კულტურების 18 პროცენტი, მათ შორის სიმინდი და მზესუმზირა.

პროექტის ანალიტიკოსების ინფორმაციით, ომამდე უკრაინა მსოფლიო ბაზარზე მზესუმზირის ზეთის მსოფლიო ექსპორტის 46%-ს, ხორბლის ექსპორტის 9%-ს, ქერის 17%-ს და სიმინდის 12%-ს უზრუნველყოფდა.

ერთობლივად რუსეთსა და უკრაინას ეკუთვნოდათ მზესუმზირის ზეთის ექსპორტის 73%, ხორბლის 33% და ქერის 27%.

ბოლო რამდენიმე თვეა, ამ საკვების მიწოდება შეფერხდა. ზოგიერთი მოსახლეობისთვის ეს შეიძლება ნიშნავდეს უფრო მაღალ ფასებს, ან სასურსათო მაღაზიებში ნაცნობი პროდუქციის ნაკლებობას, სხვებისთვის კი, ეს შეიძლება, ნიშნავდეს საკვების სერიოზულ დეფიციტს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აქვე, ანალიტიკოსების პოზიციით, არსებული პრობლემა შეიძლება, იყოს არა მხოლოდ უკრაინული ველების თითქმის მეოთხედის ოკუპაცია. სასურსათო კრიზისს ასევე ამწვავებს შავი ზღვის პორტების ბლოკადა და ნაღმების არსებობა იმ საველე ტერიტორიებზე, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა ან ჯერ კიდევ გრძელდება.

„ზოგიერთ რაიონში, აუფეთქებელმა ჭურვებმა და ნაღმებმა მოკლევადიან პერიოდში შესაძლოა, შეუძლებელი გახადოს მეურნეობა. პორტების ბლოკადა და საწვავის ფასების მკვეთრი ზრდა ქმნის მოსავლისთვის დიდ პრობლემებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინიდან და რუსეთიდან სურსათის წარმოებასა და მიწოდებაში შეფერხებები უკვე გახდა შოკი გლობალური კვების სისტემისთვის. ამ კონტექსტში ყველაზე დაუცველია აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიის 30-მდე ქვეყანა.