უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ავიამრეწველობა უკრაინიდან სათადარიგო ნაწილებს იღებს
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ავიამრეწველობა უკრაინიდან სათადარიგო ნაწილებს იღებს

რუსეთის ავიამრეწველობა უკრაინიდან სათადარიგო ნაწილებს იღებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, პორტალ „ვაჟნიე ისტორიის“გამოძიების თანახმად, რუსეთის ავიამრეწველობა მარაგდება რუსული კომპანია „ავია ფედ სერვისის“ მიერ, რომელმაც, თავის მხრივ, სათადარიგო ნაწილების დიდი რაოდენობა უკრაინისგან შეიძინა.

ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ომის განმავლობაში (2022 წლიდან 2023 წლის ივლისამდე) „ავია ფედ სერვისმა“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, როსტეხსა და საპრეზიდენტო ავიაციას, სულ მცირე, 650 მილიონი რუბლის ოდენობის სათადარიგო ნაწილები მიაწოდა. აქედან დიდი რაოდენობა – 370 მილიონი რუბლის ღირებულების უკრაინიდანაა.

საბაჟო მონაცემების თანახმად, კომპანიამ შეიძინა ხარკოვის მანქანათმშენებელი ქარხნის წარმოების 120 მილიონი რუბლის ღირებულების ნაწილები „An-124“-ის თვითმფრინავის რემონტისთვის; კიევის ქარხანა „რადარის“ წარმოების 67 მილიონი ღირებულებს ნაწილები „Ka-32“-ის ვერტმფრენების სადგურებისთვის; ზაპოროჟიეს ქარხნის, „მოტორ სიჩის“ წარმოების დეტალები „An-24“-ისა და „An-12“-ის ძრავების რემონტისთვის და სხვა უკრაინული საწარმოების ნაწილები. ასევე იყო საფრანგეთიდან, აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან იმპორტირებული დეტალები.

უკრაინაში ომის დაწყებამდე ხარკოვის მანქანათმშენებელი ქარხანა იყო რუსული კომპანია „ავია ფედ სერვისის“ ოფიციალური მიმწოდებელი. თავდაპირველად, „ავია ფედ სერვისი“ 1993 წელს დაფუძნდა, როგორც ხარკოვის ქარხნის წარმომადგენლობა. დონბასში ომის დაწყების შემდეგ ქარხანამ ოფიციალურად შეწყვიტა რუსეთში ექსპორტი. 2018 წელს „ავია ფედ სერვისს“ უკრაინამ სანქციები დაუწესა.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ამის შემდეგ რუსეთში ექსპორტი არა პირდაპირ, არამედ არაბთა გაერთიანებული საამიროებში რეგისტრირებული კომპანია „ლინკერის“ შუამავლობით გაგრძელდა. „ლინკერი“ იღებდა უკრაინულ პროდუქციას, კერძოდ, „მოტორ სიჩისგან“, რომლის დირექტორი გასული წლის ოქტომბერში უკრაინაში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს რუსეთის ავიაციისთვის სამხედრო დანიშნულების საქონლის უკანონო მიწოდებისთვის.